Rambler's Top100
RIA Novosti

ნატო და ბუშის ადმინისტრაცია წუხან იმის გამო, რომ რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებაზე მორატორიუმს აწესებს

30/11/2007 08:25

ბრიუსელი/ვაშინგტონი, 30 ნოემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. ნატო და ბუშის ადმინისტრაცია წუხან იმის გამო, რომ რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებაზე მორატორიუმს აწესებს. იუწყება ”რია ნოვოსტი”.

”ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიები, რომლებიც ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებსა და აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, სწრაფ შედეგს გამოიღებს, ვინაიდან ნატოს ქვეყნებს უნდათ, ადაპტირებული შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს”, - მოჰყავს ბელგიის მასმედიას ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის სიტყვები. ეს განცხადება მან 16 ნოემბერს, იმ დღეს გააკეთა, როცა რუსეთის ფედერაციის საბჭომ შეთანხმებაზე მორატორიუმის დაწესება მოიწონა.

”ესაა პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების დადასტურება და სამწუხაროა, რომ ის მიღებულია, თუმცა რუსებთან მუშაობას განვაგრძობთ”, - განაცხადა მაშინ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა.

”როგორც შეთანხმების სხვა წევრი სახელმწიფოები, ჩვენც ვმუშაობთ რუსებთან და ვცდილობთ გადაწყვეტილების მონახვას შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებით მათი ეჭვების გასაქარწყლებლად ისე, რომ არ შეიცვალოს შეთანხმების არსი”, - განაცხადა მაკკორმაკმა.

”ამ თემაზე მათთან კონფიდენციალურად უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და ეს არ წარმოადგენს ჩვენთვის რაიმე ისეთს, რისთვისაც მზად არ ვიქნებოდით”, - აღნიშნა მაკკორმაკმა.

”ჯერ არ გვიპოვია გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება, მაგრამ მათთან მუშაობას პოზიტიურად ვაგრძელებთ. ისინიც კონსტრუქციულად მუშაობენ”, - აღნიშნა მან.

მაკკორმაკმა მიუთითა ასევე, რომ შეთანხმების საკითხს აშშ არ უკავშირებს ევროპაში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსებას.

”ყველა საკითხს ცალ-ცალკე ვიხილავთ”, - თქვა დიპლომატმა.

ამასთანავე, მან უარი თქვა, პასუხი გაეცა ჟურნალისტების კითხვაზე, აძლევს თუ არა რუსეთის მორატორიუმი აშშ-ს შესაძლებლობას, მეტი ამერიკული ტანკი და სხვა მძიმე ტექნიკა გადაისროლოს რუსეთის საზღვრების ახლოს.

”ეს ჰიპოთეზაა. ამ საკითხს არ ჩავუღრმავდებით”, - განაცხადა მაკკორმაკმა. -0-