26/11/2007 14:18
მოსკოვი, 26 ნოემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. პრიშტინას ფსიქოლოგიური განწყობა დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხთან დაკავშირებით - დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკის შედეგია. დასავლეთი თვალს ხუჭავს იმაზე, რომ კოსოვოელი ალბანელები არ ასრულებენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნებს, სადაც კოსოვოს მხარე მოხსენიებულია, როგორც სერბეთის ნაწილი. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. იუწყება ”რია ნოვოსტი”.
”ჩვენი დასავლელი პარტნიორების კოსოვოელი ალბანელების წამახალისებელ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა ის, რომ პრიშტინას ჩამოუყალიბდა დამოუკიდებლობის მოპოვების ფსიქოლოგიური განწყობა”, - განაცხადა ლავროვმა.
ამასთანავე, აღნიშნა მინისტრმა, ამ ნაბიჯის აუცილებლობის დასამტკიცებლად კოსოვოელი ალბანელები შანტაჟსაც არ ერიდებიან.
”ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ შანტაჟს დაყვენ და ახლა აცხადებენ, რომ თუ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ მიანიჭებენ, ძალადობა იფეთქებს”, - განაცხადა ლავროვმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: როგორ მოვიქცეთ პალესტინის შემთხვევაში, რომელსაც გაერო ჯერ კიდევ 60 წლის წინ დაპირდა დამოუკიდებლობას და ძალადობის დონითა და მსხვერპლის რაოდენობით მასთან კოსოვოს შედარება არც კი შეიძლება.
”ჩვენი დაშინება ძალადობითა და არეულობით იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, არის ძალიან სახიფათო გზა, რომელიც კოსოვოს ფარგლებს შორს გასცდება”, - თქვა ლავროვმა.
რუსეთი, მინისტრის სიტყვებით, დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო სამართლის დაცვას. კერძოდ, ეუთოსგან, როგორც გასული საუკუნის ერთ-ერთი უმსხვილესი მიღწევის - ჰელსინკის დასკვნითი აქტის - მცველისგან მოითხოვს, მტკიცედ დაიცვას ამ დოკუმენტის პრინციპები, მათ შორის საზღვრების დაცვის პრინციპი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.
ლავროვმა უარყო რუსეთის რიგი დასავლელი პარტნიორების განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსკოვი ელოდება, როდის გამოაცხადებს კოსოვო ცალმხრივად დამოუკიდებლობას, რათა ხელფეხი გაეხსნას ყოფილი სსრკ-ის სივრცეზე კონფლიქტური ტერიტორიების მიმართ.
”ჩვენს პრეზიდენტს, ისევე, როგორც მე, არაერთხელ განუცხადებია თავის კოლეგებთან შეხვედრისას, რომ ყველაფერი ზუსტად პირიქითაა”, - აღნიშნა მინისტრმა.
როცა რუსეთი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა, სწორედ ესა აქვს მხედველობაში, განაგრძო ლავროვმა.
როცა მოსკოვი აცხადებს, რომ კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით ცალმხრივი მოქმედება შექმნის პრეცედენტს, რუსეთის ქმედებები სწორედ იქითაა მიმართული, რომ არ დაუშვას საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ასეთი პრეცედენტის შექმნა, ხაზი გაუსვა მინისტრმა.
”შესანიშნავად გვესმის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას სხვა არაღიარებული ტერიტორიებისთვის. არა მარტო ჩვენს საზღვრებთან, არამედ მთელს ევროპაში”, - განაცხადა ლავროვმა.
”ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ არა მარტო საკუთარი სახელმწიფოს და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზეც”, - აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთისთვის სულ ერთი არ არის, როგორ იცხოვრებს მომავალში ევროპა: იქნება ნორმალური, მშვიდი და კომფორტული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ინგეგრაციული პროცესებისთვის, ინვესტიციებისთვის, თუ პერიოდულად წარმოიქმნება კონფლიქტების კერები, რაც უკანა პლანზე დაწევს პარტნიორობის შესაძლებლობას, ხაზი გაუსვა ლავროვმა.
ამასთანავე, თუ კოსოვოს პრეცედენტი მოხდება, რუსეთი, ლავროვის სიტყვებით, ”საერთაშორისო სამართლით იხელმძღვანელებს”.
”ამის ასპროცენტიან გარანტიას ვიძლევი”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. -0-
| 09:00 27/11/2007 | 5 იანვარს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ნატოში შესვლის და საპარლამენტო არჩევნების ვადების საკითხს გადაწყვეტენ |
|
|||||||||