26/11/2007 08:24
ვენა, 26 ნოემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. ავსტრიის ქალაქ ბადენში, ვენიდან 20 კმ-ის მოშორებით, ორშაბათს ბელგრადისა და პრიშტინას დელეგაციებს შორის ”ტროიკის” (საერთაშორისო შუამავლები - ევროკავშირი, რუსეთი და აშშ) შუამავლობით დაიწყება სამდღიანი მოლაპარაკება კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით.
როგორც ”რია ნოვოსტის” ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. თუმცა 28 ნოემბერს ”ტროიკა” ვენაში პრესკონფერენციას გამართავს. აღნიშნეს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.
მოლაპარაკების ამ ყველაზე გრძელ რაუნდს დაასრულებს მოლაპარაკების პროცესის მოცემული ეტაპი. შეხვედრის დასრულებისთანავე ”ტროიკა” შეუდგება მოხსენების მომზადებას, რომელიც 20 დეკემბერს გაეროს გენერალურ მდივანს უნდა წარუდგინონ. ამის შემდეგ დოკუმენტი გადაეცემა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომელიც დარეგულირების შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს. ვიდრე ”ტროიკა” მოხსენებაზე მუშაობას დაასრულებს, დეკემბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ ეწვევა ბელგრადსა და პრიშტინას.
ყველა უკვე შემდგარი შეხვედრის შედეგად მხარეებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. პრიშტინა კოსოვოსთვის სრულ დამოუკიდებლობას ითხოვს. ბელგრადისთვის კი ეს მიუღებელია და მხარეს ფართო ავტონომიას და სტატუსის პრობლემის ჰონკონგისა თუ ალანის კუნძულების ანალოგიით მოგვარებას სთავაზობს.
როგორც ბადენის შეხვედრამდე ”ტროიკაში” რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკომ აღნიშნა, მხარის სტატუსის განსაზღვრის საკითხში რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ამის მიუხედავად, როგორც მან ”რია ნოვოსტის” განუცხადა, ”ტროიკა” ყველა ღონეს იხმარს პოზიტიური შედეგების მისაღწევად.
რუსეთის წარმომადგენლის გარდა, ”ტროიკაში” არიან ფრენკ ვიზნერი აშშ-დან და გერმანელი ვოლფგანგ იშინგერი ევროკავშირიდან. -0-
|
|||||||||