23:10 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
თბილისი, 13 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ელვის პრესლის ბელგიურმა ფან-კლუბმა ”ElvisMatters” ევროპის სამაუწყებლო კავშირს (UER) წერილით მიმართა, სადაც ”ევროვიზია-2009”-ის მონაწილეთა სიიდან ბელგიის ამოღებას მოითხოვს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Belga იუწყება. სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინფორმაციით, მოსკოვში კონკურსზე ”ევროვიზია-2009” ბელგიას მომღერალი პატრიკ უშენი (Patrick Ouchene) წარმოადგენს. მომღერალი ”როკაბილის” სტილში მუშაობს და მოსკოვში ელვის პრესლის სტილში გამოვა. სიმღერა, რომლითაც ბელგიელი მომღერალი რუსეთის დედაქალაქში ჩავა, ბენჯამინ შოოსმა დაწერა, ხოლო ტექსტი - ჟაკ დიუვალმა. სიმღერაში მოთხრობილია უნიჭო შემსრულებელზე, რომელმაც თვითონ გამოიგონა სტილი ”à la ელვის პრესლი”, მაგრამ ერთხელაც ორიგინალის არსებობის შესახებ შეიტყობს. ელვის პრესლის ფანატიკოსები მიიჩნევენ, რომ უშენი როკ-ნ-როლის მეფეს დასცინის, რადგანაც სიმღერაში არის სიტყვები ”he's too fat to rock'n'roll” (ის საკმაოდ მსუქანია, როკ-ნ-როლი რომ იცეკვოს). ფან-კლუბის პრეზიდენტი პეტერ ვერბრუგენი (Peter Verbruggen) დარწმუნებულია, რომ ბელგია ამ სიმღერით ნახევარფინალში ვერ გავა. მისი აზრით,”თუ UER საკუთარ წესებს იცავს, მაშინ ბელგია ჯერ კიდევ კონკურსამდე იქნება დისკვალიფიცირებული”. ”UER-ის ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ ”შეურაცხმყოფელი” და ”მიუღებელი” გამონათქვამები გამოყენებული არ უნდა იყოს. ეს სიმღერა კი სავსეა ზიზღით, სიძულვილით და სიმწრით”, - განაცხადა ვერბრუგენმა. მან ასევე დასძინა, რომ, ”შესაძლებელია, ორგანიზატორებმა, უბრალოდ, სიმღერის ტექსტს ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ახლა, როდესაც მივუთითეთ, რომ წესები დარღვეულია, მათ სხვა გზა არა აქვთ, გარდა იმისა, რომ ეს სიმღერა კონკურსიდან უნდა მოხსნან”. ”ევროვიზია-2009”-ის 54-ე კონკურსი მაისში მოსკოვში გაიმართება. მასში მონაწილეობას 43 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ, რომელთაგან ფინალში მხოლოდ 25 გავა. ეს სიმღერის შინაარსთან დაკავშირებული პირველი სკანდალი არ არის. ჯგუფს ”სტეფანე და 3G” კონკურსზე საქართველო კომპოზიციით ”We don't wonna put in” უნდა წარმოედგინა. მათ განაცხადეს, რომ სიმღერა რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტს წარმოადგენს. ევროპის სამაუწყებლო კავშირმა თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ შეატყობინა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ სიმღერის ტექსტი არ შეესაბამება შეჯიბრის წესებს. კერძოდ, 4.9 პუნქტის თანახმად, მონაწილეებმა არ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური ან სხვა მოწოდებები. პასუხად, საქართველომ უარი განაცხადა სასიმღერო საერთაშორისო კონკურსში „ევროვიზია–2009“–ში მონაწილეობაზე. -0-
|
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||