00:55
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

სახალხო დამცველი არასრულწლოვანი გოგონების პატიმრობიდან ვადამდელ გათავისუფლებას მოითხოვს

13:43 | 11/ 03/ 2009

თბილისი, 11 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს და არასრულწლოვან გოგონათა პირობით ვადამდე გათავისუფლება და ზოგადად პატიმრობის პირობების გაუმჯობესება მოითხოვა.

ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს არასრულწლოვანი გოგონებისათვის კანონით განკუთვნილი დაწესებულება, მსჯავრდებულებს სასჯელის ისეთივე პირობებში მოხდა უწევთ, როგორშიც ზრდასრული პატიმრები იმყოფებიან. ისინი უფრო მკაცრ გარემოში იმყოფებიან და უფრო მეტად არიან შეზღუდული, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული. აღნიშნული გარემოება შეუსაბამობაში მოდის როგორც პატიმრობის შესახებ კანონთან, ასევე პატიმრების მოპყრობის მინიმალურ სტანდარტებთან და გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან, აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის მე-5 ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებული გოგონები მოინახულეს. როგორც განცხადებაში აღნიშნული, საპყრობილეს არ გააჩნია სასეირნო ეზო, მსჯავრდებულები ვერ სარგებლობენ სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით. საკნებში მწყობრიდან გამოსულია წყლის ონკანები. არ ხდება სრულყოფილი ვენტილაცია და არის უსიამოვნო სუნი. ციხის გადატვირთულობის გამო არასრულწლოვნები ხშირად უფროსებთან ერთად არიან საკანში. საპყრობილეში არ არის პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება. არასრულწლოვნები ვერ იღებენ განათლებას. 

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს, რათა საპყრობილეში არსებული პირობები სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, ის არასრულწლოვანი გოგონები, რომელთა მიმართაც შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსის 98-ე მუხლის (სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება) გათვალისწინება, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უპირობოდ მოხდეს მათი პირობით ვადამდე გათავისუფლება. -0-

 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება