19:33 |
рус | geo | |
| 10/09/2010 | ||
თბილისი, 20 დეკემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრაციის დარბევის დროს გადამეტებული ძალა გამოიყენა, ნათქვამია 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ Human Rights Watch-ის ანგარიშში. ”ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზღვარს გადავიდა, როდესაც პოლიციელები მისდევდნენ და ურტყამდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ემუქრებოდნენ და სცემდნენ ჟურნალისტებს”, - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰოლი კარტნერმა. ”7 ნოემბრის ოპერაციები არ წარმოადგენდა წესრიგის დამყარების ლეგიტიმურ საშუალებას. მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველის, რეპუტაციას”, - აღნიშნა ჰოლი კარტნერმა. ”მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს უამრავი რამ აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება 7 ნოემბერს ჩადენილ სერიოზულ დარღვევებზე”, - განაცხადა ჰოლი კარტნერმა. ”ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის განახლება მისასალმებელი ნაბიჯია, მაგრამ ხელისუფლებამ ასევე უნდა გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულები და სამართალში მისცეს დამნაშავეები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის იმედი”, - აღნიშნა კარტნერმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მტკიცე მხარდაჭერას უწევდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ვარდების რევოლუციის შედეგად. ”დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ იმისგან, რომ საჯაროდ გაეკრიტიკებინათ საქართველოს ხელისუფლება და ნდობით ეკიდებოდნენ მის არაერთხელ განცხადებულ კეთილ განზრახვებსა და რეფორმების გატარების დაპირებებს”, - განაცხადა მან. ”7 ნოემბრამდეც არსებობდა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელყოფდა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს, რომლებსაც ვარდების რევოლუციის დროს ქადაგებდა”, - განაცხადა კარტნერმა. ”მიუხედავად იმისა, რეალური იყო თუ არა სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე საქართველოში, ხელისუფლებას მაინც აკისრია ვალდებულება, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს და უზრუნველყოს, რომ პოლიცია საპროტესტო აქციების დაშლისას მოქმედებდეს კანონიერად და საფრთხის პროპორციულად”, - განაცხადა კარტნერმა. ”102 გვერდიანი ანგარიში: ”ზღვარს გადასვლა: საქართველოში დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლა და ტელევიზია ”იმედის” დარბევა წარმოადგენს ხელისუფლების მიერ საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელევიზია ”იმედში” შეჭრის შესახებ დღეისათვის არსებულ ყველაზე დეტალურ ანგარიშს”, - განაცხადა მან. ”7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, როდესაც ქვეყნის დედაქალაქში სასტიკად დაარბია დემონსტრანტები და კერძო ტელეკომპანია ”იმედში” შეიჭრა”, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში. ”7 ნოემბერს პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დასრულდა რამდენიმედღიანი მშვიდობიანი აქცია, რომელიც 2 ნოემბერს დაიწყო თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე განლაგებული პარლამენტის შენობის წინ”, - აღნიშნულია ანგარიშში. ”საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მოითხოვდნენ საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე დანიშვნას და იმ პირების გათავისუფლებას, ვისაც ისინი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ. საპროტესტო აქციის ბევრი მონაწილე უჩიოდა უმუშევრობის მაღალ დონესა და სიღარიბეს, ასევე ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას. დაახლოებით დღის 11 საათისთვის ოპოზიციის ლიდერების მოწოდების პასუხად, ხალხის დიდმა რაოდენობამ დაიწყო თავმოყრა პარლამენტის წინ, რათა გაეპროტესტებინა დილით ადრე დემონსტრანტებსა და მოშიმშილეებზე განხორციელებული რეიდი. ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმები მას შემდეგ ჩართო საქმეში, რაც დემონსტრანტებმა გაარღვიეს პოლიციელთა ხაზი და რუსთაველის გამზირზე გაიშალნენ”, - ნათქვამია ანგარიშში. ”დაშლის თაობაზე მოკლე მოწოდებისა და დემონსტრანტების წინა რიგებისთვის წყლის ჭავლის შესხმის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმებმა უმალ გაუშვეს ხალხში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გაისროლეს. ნიღბიანი სპეცრაზმელები და სხვა სამართალდამცავები მისდევდნენ გაქცეულ მომიტინგეებს, წიხლებს და მუშტებს ურტყამდნენ, ხელკეტებით, ხის ჯოხებითა და სხვა საგნებით სცემდნენ მათ. სპეცდანიშნულების რაზმებმა იმავე მეთოდებს მიმართეს, როდესაც ხალხი შეიკრიბა რიყეზე – ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ დიდ ღია ტერიტორიაზე, სადაც ტრანსპორტი არ მოძრაობს”, - მითითებულია დოკუმენტში. ”იმავე საღამოს, მოგვიანებით, ავტომატებითა და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ასობით სპეცრაზმელი შეიჭრა ტელეკომპანია ”იმედის” სტუდიებში. იარაღის დამიზნებით მათ უბრძანეს ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს იატაკზე დაწოლილიყვნენ. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის ერთერთმა წამყვანმა მოახერხა მაყურებლისათვის მოეთხრო სტუდიებში შეჭრის შესახებ, რამდენიმე წუთში ”იმედის” ეთერი გაითიშა”, - ნათქვამია ანგარიშში. ”ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები გარეთ გამოყარეს, სპეცრაზმელებმა კი დააზიანეს და გაანადგურეს ტელეკომპანიის აპარატურის დიდი ნაწილი. შემდეგ სპეცრაზმელებმა ”იმედის” თანამშრომლები და ტელესტუდიის გარეთ, ჭიშკართან მოგროვილი მათი მხარდამჭერები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით დაარბიეს”, - ნათქვამია შემდგომში. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 7 ნოემბერს, გვიან საღამოს, ხელისუფლებამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რვა დღის შემდეგ გაუქმდა. პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 ნოემბერს ნაადრევი საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს დანიშნა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან 25 ნოემბერს. სააკაშვილი და რვა სხვა კანდიდატი, მათ შორის პატარკაციშვილი, იბძოლებენ პრეზიდენტის თანამდებობის მოსაპოვებლად. ”ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა დეკემბრის შუა რიცხვებში, ხელისუფლებასა და "ნიუზკორპს" შორის ერთთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა. ”იმედის” ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აპარატურის უმეტესი ნაწილი დაზიანებული ან გაუჩინარებულია”, - ნათქვამია ანგარიშში. ”ხელისუფლების მტკიცებით, საპროტესტო აქციების დაშლა და ”იმედის” დახურვა განხორციელდა მასობრივი არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რასაც ზურგს უმაგრებდნენ რუსეთის კონტრდაზვერვა და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი - ტელეკომპანია ”იმედის” დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც ოპოზიციას აფინანსებდა”, - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიში Human Rights Watch-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული http://hrw.org/reports/2007/georgia1207/ --0-- ссылки по теме
|
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||