00:31
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

”იმედი” - ქართველი ხალხის მიღწევა და საკუთრებაა, - განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა

14:03 | 06/ 12/ 2007

თბილისი, 6 დეკემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ნების შედეგია. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ცნობილმა ბიზნესმენმა არკადი პატარკაციშვილმა.

”ტელერადიოკომპანია ”იმედი” დიდი ხანია მე აღარ მეკუთვნის. ”იმედი” - ქართველი ხალხის მიღწევა და საკუთრებაა. არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც ჩვენ ”იმედს” წაგვართმევს”, - ნათქვამია პატარკაციშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ბიზნესმენის განცხადებაში.

”კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, თავის მხრივ, ასევე გააუქმა გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად ტელეკომპანიის მაუწყებლობა იქნა შეჩერებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავის უჩნდება ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ნების შედეგია”, - ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, ”ამავდროულად ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს იმასაც, რომ არცერთ რეჟიმს არ შეუძლია ტერორით შეაჩეროს ხალხის სწრაფვა თავისუფლებისადმი”.

”მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ გადაწყვეტილებისადმი: თავდაპირველად ღვთის ნებით, მომეცა ძალა ხორცი შემესხა წმინდა სიტყვა ”იმედისათვის” და მე შევქმენი კომპანია ”იმედი”, შემდეგ კი ”იმედის” პროფესიონალმა და მამაცმა ჟურნალისტებმა დაამტკიცეს რწმენის უმთავრესი თეზისი: ”თავდაპირველად იყო სიტყვა..”, - განაცხადა პატარკაციშვილმა.

”გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო ელოდა ამ დღეს. უმეტესობა - იმედით, სხვანი კი შიშით. იმედით ისინი, ვისაც უყვარს საქართველო, შიშით კი ისინი, ვისაც უყვარს საკუთარი თავი”, - ნათქვამია განცხადებაში.

”ხელისუფლება შედრკა. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. სააკაშვილის რეჟიმი დასრულდა მაშინ, როდესაც იგი ხალხს დაუპირისპირდა. ჩვენ ნახირი არ ვართ, რომ კეტებით გვირტყან და გაზით გვწამლონ.  ნოემბრის მოვლენებმა დაამტკიცეს, რომ შეუდრეკელია ქართველი ხალხის ნება იცხოვროს ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში. ეს ჩვენი საერთო არჩევანია და ჩვენ შეგვწევს ძალა დავიცვათ იგი”, - განაცხადა პატარკაციშვილმა.

7 ნოემბერს მას შემდეგ რაც თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დაარბიეს, სპეცრაზმი ტელეკომპანია ”იმედის” ოფისში შეიჭრა და მისი მაუწყებლობა გათიშა. ჟურნალისტთა განცხადებით, სპეცრაზმმა ყველა სტუდია დაარბია. თუმცა, შემდეგ საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეომასალები, სადაც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები ტელეკომპანიას ეწვია. ვიდეომასალებზე ჩანს, რომ ტელეკომპანიის ყველა სტუდია სრულ წესრიგშია.

როგორც 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, სასამართლომ ჯერ კიდევ 7 ნოემბერს დაადო ყადაღა ტელეკომპანიის ქონებასა და ლიცენზიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, პროკურატურამ სასამართლოს ბრძანება 20:05 საათზე მიიღო. სპეცრაზმი ტელეკომპანიის შენობაში 20:30 საათზე შეიჭრა.

მოგვიანებით თბილისის სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა , რომ ტელეკომპანია ”იმედი” გამოყენებული იქნა როგორც ოპოზიციის გამოსვლების ორგანიზების მთავარი საშუალება, რამაც შემდგომში უმართავი ხასიათი მიიღო.

3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ხელმძღვანელობის სახელით ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის თხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება