30/11/2007 10:03
ბერლინი, 29 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო"/. ბერლინის სისხლის სამართლის პალატის საგამოძიებო მოსამართლის გადაწყვეტილებით გერმანიის დედაქალაქში სამშაბათს დაკავებული საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას ციხე "ბერლინ-მოაბიტში" დაელოდება. ამის შესახებ ხუთშაბათს ბერლინის პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხაელ გრუნვალდმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ ინტერპოლის საერთაშორისო ორდერის საფუძველზე განხორციელებულ ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, საკითხი აღმკვეთი ღონისძიების შემსუბუქების თაობაზე, მაგალითად, გირაოთი გათავისუფლების, ან ქალაქიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილზე "არც კი განხილულა".
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ "დაკავებული გადაცემის პროცესი მთლიანად ევროპული კონვენციის
"ექსტრადაციის შესახებ" ფორმალურ ფარგლებში განხორციელდება.
მანამდე მიხაელ გრუნვალდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას 40 დღე აქვს იმისთვის, რომ ყველა აუცილებელი დოკუმენტი წარმოადგინოს საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის დანაშაულების დასამტკიცებლად. "მხოლოდ ამ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება (ოქრუაშვილის) გადაცემის შესახებ", - განაცხადა გრუნვალდმა.--0--
|
|||||||||