Rambler's Top100
RIA Novosti

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიება დაუსწრებლად შეუცვალეს

14/11/2007 18:36

თბილისი, 14 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", ელენე ფარცვანია/. 14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, აღმკვეთი ღონისძიება წინასწარი პატიმრობით დაუსწრებლად შეუცვალა. ამის შესახებ "ახალი ამბები - საქართველო" კორესპონდენტს თბილისის საქალაქო სასამართლოში აცნობეს. 

პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა ორი მიზეზის გამო მოითხოვა. პირველი - ოქრუაშვილი, რომელიც მიუნხენში იმყოფება, პროკურატურაში ჩვენებების მისაცემად გამოძახების შემდეგ არ გამოცხადდა. ბრალდების მტკიცებით, ის არ პასუხობდა არც სატელეფონო ზარებს და არც SMS-ებს.

მეორე - ბიზნესმენმა თამაზ ნიჟარაძემ, რომელმაც 10 მლნ ლარის ოდენობის გირაოს ნაწილი, კერძოდ, 3,5 მლნ ლარი გადაიხადა, განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ოქრუაშვილი უცხოეთიდან დაბრუნდება, ამიტომ საკუთარი ფულის და ქონების დაბრუნება სურს. გირაო მას ნაწილობრივ ქონებით ჰქონდა გადახდილი. 

ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უწყება პროკურატურიდან ოქრუაშვილის თბილისის სახლის მისამართზე 13 ნოემბერს, 19.30 საათზე მიიტანეს, ხოლო პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და აღკვეთის ზომის შეცვლა გამოუცხადებლობის გამო ამის შემდეგ ერთ საათში მოითხოვა. ბესელიამ განაცხადა, რომ ერთ საათში ის მიუნხენიდან საქართველოში ვერანაირად ჩამოვიდოდა.

ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ გენერალურმა პროკურატურამ თვითონ მისცა მას საქართველოს დატოვების უფლება "უპრეცედენტოდ მაღალი გირაოს გამო, რომელიც მისი დაბრუნების გარანტიაა". მისი თქმით, ბიზნესმენმა ნიჟარაძემ რომც გაიტანოს გირაოს ნაწილი, რჩება თანხის მეორე ნაწილი - 6,5 მილიონი ლარი და ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოძიებასთან თანამშრომლობის საკმაოდ მყარი გარანტია შეიძლება იყოს. 

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ძებნა გამოცხადდეს.--0--