12/11/2007 17:35
თბილისი, 12 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", ელენე ფარცვანია/. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო პროცესის გადატანის შუამდგომლობით მიმართა, რომელიც 16 ნოემბერსაა დანიშნული. ამის შესახებ "ახალი ამბები - საქართველოს" ოქრუაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ აცნობა.
"ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ოქრუაშვილის საქმის განხილვის დღის გადატანასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ შუამდგომლობით, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. გამოძიების მასალების გასაცნობად დრო არ გვყოფნის. მხოლოდ ოთხი დღე რჩება, ხოლო კანონმდებლობის შესაბამისად, დაცვას 5 დღეზე ნაკლები არ უნდა წარედგინოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა თანამებრძოლმა ირაკლი ოქრუაშვილმა სექტემბრის ბოლოს ახალი ოპოზიციური პარტიის "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" შექმნის შესახებ განაცხადა და ტელეეთერში ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მისამართით ბრალდებებით გამოვიდა. განცხადებებიდან ორ დღეში ოქრუაშვილი დააკავეს, მას ბრალი გამოძალვაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ფულის გათეთრებაში წაუყენეს.
დაკითხვაზე ოქრუაშვილმა მთლიანად უარყო პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული საკუთარი სკანდალური განცხადებები და მისდამი წაყენებულ ბრალდებებში ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ. ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენებები გამოძიებამ ქართულ ტელეკომპანიებს გადასცა. პროცესუალური გარიგების დადების შემდეგ ოქრუაშვილი 10 მლნ ლარის გირაოს თავდებით გაათავისუფლეს.
ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილი მიუნხენში იმყოფება. 2 ნოემბერს იგი ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გამოვიდა და კერძოდ, განაცხადა, რომ ადასტურებს ყველა ბრალდებას, რომელიც მან სექტემბრის ბოლოს ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას წაუყენა, ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ ბრალდებებზე უარი ზეწოლის შედეგად განაცხადა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების ყველა პუნქტის მიხედვით სიცრუეში დაადანაშაულა.--0--
|
|||||||||