01/10/2008 12:56
მოსკოვი, 1 ოქტომბერი /ახალი ამბები - საქართველო/. რუსეთის სამეცნიერო ჟურნალში, რომელშიც სამეცნიერო დისერტაციების დასაცავად მასალები იბეჭდება, კომპიუტერული პროგრამის შედგენილი უაზრო ტექსტი გამოქვეყნდა. ამის შესახებ საუბარია მეცნიერებისა და ჟურნალისტების გაზეთში ”ტროიცკი ვარიანტი”.
სტატია გაგზავნა თავად ”ტროიცკი ვარიანტის” რედაქციამ - ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი სამეცნიერო ჟურნალების მუშაობის ხარისხის შესამოწმებლად.
”ექსპერიმენტატორებმა” აიღეს ფსევდომეცნიერული ტექსტების შემდგენელი კომპიუტერული გენერატორი პროგრამის SCIgen მეშვეობით ინგლისურ ენაზე დაწერილი ტექსტი, თარგმნეს რუსულად მეორე კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, რომელიც რუსეთში შეიქმნა. მიღებული ”სამეცნიერო” სტატია გაიგზავნა რუსეთის ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში - ”ასპირანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო პუბლიკაციების ჟურნალი”.
რამდენიმე ლიტერატურული ხასიათის შეცდომის შესწორების შემდეგ ჟურნალმა არარსებული მეცნიერის მიხეილ ჟუკოვის სტატია სახელწოდებით ” Корчеватель: алгоритм типичной унификации точек доступа и избыточности" გამოაქვეყნა.
”სტატიის გამოჩენა ჟურნალში, სადაც ჩვენი ვითომცდა ”სამეცნიერო” სტატია დაბეჭდეს, მიჩნეულია საკმარის საფუძვლად დისერტაციის დასაცავად: ჟურნალი რეკომენდებულია უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ და ეს სამეცნიერო ადმინისტრირების მდგომარეობაზე მიუთითებს”, - განუცხადა ”რია ნოვოსტის” ”ექსპერიმენტის” ორგანიზატორმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის გადაცემის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო საკითხებში მიხეილ გელფანდმა.
მისი სიტყვებით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის მეცნიერების ნდობა საერთოდ არ შეიძლება, რადგან რუსეთში სავსებით ღირსეული სამეცნიერო ჟურნალები გამოდის.
”ამის მიუხედავად, ეს ჟურნალი - ერთადერთი შემთხვევა არ არის. გამოცემათა შორის, რომლებიც რეკომენდებულია უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ, ასეთი ბევრია. ეს ჟურნალი ავირჩიეთ იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ”გამოჩენილი” სისულელეების თვალსაზრისით, რომლებიც იქ იბეჭდება”, - განაცხადა გელფანდმა.
მისი სიტყვებით, იმის გამო, რომ პუბლიკაციების პროცესი ბევრ სამეცნიერო გამოცემაში დიდ დროს ითხოვს, ზოგიერთ ჟურნალში სტატიის მოკლე დროში გამოქვეყნების სანაცვლოდ თანხას ითხოვენ, რაც მასალების საერთო ხარისხს ამცირებს.
მან განაცხდა ასევე, რომ აპირებს მსგავსი სულელური სტატიების გაგზავნას რამდენიმე სხვა ჟურნალში, რომლებიც, მისი აზრით, ”საეჭვო სარედაქციო პოლიტიკას” ატარებენ.
ასპირანტებისა და დოქტორანტების სამეცნიერო პუბლიკაციების ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ვლადიმერ ივანოვმა ”რია ნოვოსტის” დაუდასტურა, რომ მის გამოცემაში Корчеватель-ზე სტატია გამოქვეყნდა.
როგორც მან აღნიშნა, მასალის დაბეჭდვა გადაწყდა რეცენზენტის მცდარი დასკვნის გამო.
”ჟურნალმა მოსკოვის ერთ-ერთ ინსტიტუტთან შეთანხმება გააფორმა და მას მასალებს რეცენზიისთვის უგზავნიდა. ამ სტატიაზე დადებითი რეცენზია მივიღეთ. იყო შენიშვნები, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ სტატია მთლიანობაში უაზრო იყო”, - განაცხადა ივანოვმა.
მისი სიტყვებით, ჟურნალი ორი წლის წინ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ასპირანტებსა და დოქტორანტებს პროვინციებში ოპერატიულად შეძლებოდათ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება. ”იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სრულად ვიხდიდით რეცენზიის თანხას, მივიღეთ შედეგი, რომელმაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ამიტომ უარი ვთქვით ამ ინსტიტუტთან თანამშრომლობაზე, რადგან ის პროფესიონალიზმის საკმარის დონეს არ უზრუნველყოფს”, - აღნიშნა ივანოვმა.
ინსტიტუტის დასახელებაზე მან უარი განაცხადა.
მსგავსი ”ექსპერიმენტები” პირველად არ ტარდება. 1965 წელს ”სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის მოხსენებებში” გამოქვეყნდა რობერტო ოროს დე ბარტინის ფსევდოსამეცნიერო სტატია. შედარებით ახლო წარსულში ვითომდა ფილოსოფიური სტატია გამოაქვეყნა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ალან სოკალმა ჟურნალში Social Text.-0-
|
|||||||||