23:25
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

ანასტასია პრიხოდკო რუსეთს „ევროვიზიაზე“ წარადგენს

10:16 | 09/ 03/ 2009

თბილისი, 9 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. უკრაინელი მომღერალი ანასტასია პრიხოდკო რუსეთს საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია–2009“–ზე წარადგენს, რომელიც 16 მაისს მოსკოვში გაიმართება.

შაბათს გვიან ღამით გამართულ შესარჩევი კონკურსის ფინალში პრიხოდკოს ხმა მაყურებელთა 25%–მა და 11 წევრისგან შემდგარი ჟიურის ექვსმა წევრმა მისცა.

კენჭისყრა ორ ეტაპად გაიმართა. თავდაპირველად მაყურებელმა 6 პრეტენდენტისგან სამი ფინალისტი შეარჩია სატელეფონო და სმს კენჭისყრის გზით.

პრიხოდკოს გარდა, რომელიც სიმღერით „დედა“ გამოდიოდა, რაც უკრაინულ ენაზე ჟღერს როგორც „მამო“, ფინალისტთა სამეულში გავიდნენ მომღერალი ვალერია და ჯგუფი „კვატრო“, რომლებმაც, შესაბამისად, ხმათა 14 და 12% დააგროვეს. ამის შემდეგ კი პროფესიულმა ჟიურიმ ლიდერი განსაზღვრა.

ანასტასია პრიხოდკო, რომელიც „ვარსკვლავთა ფაბრიკა–7“–ის პროექტში მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი, თავიდან უკრაინულ ეროვნულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა, მისი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ის რუსული ეროვნული შესარჩევი კონკურსის ფინალში დაუშვეს.

21 წლის უკრაინელი შემსრულებლის გამარჯვებამ არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია მუსიკალური ინდუსტრიის რუს პროფესიონალებს შორის, მათ შორის ჟიურის რამდენიმე წევრს შორის.

„ჟიური პრიხოდკოსა და ვალერიას შორის არჩევანის წინაშე იდგა, ხმები გადანაწილდა ექვსი ხუთის წინააღმდეგ პირველი შემსრულებლის სასარგებლოდ“, – განუცხადა „რია ნოვოსტის“ჟიურის ერთ–ერთმა წევრმა იგორ კრუტოიმ და დასძინა, რომ პირადად მან ვალერიას მისცა ხმა.

ამავე მომღერალს მისცა საკუთარი ხმა პროდიუსერმა მაქსიმ ფადეევმაც: „მე მიმაჩნია, რომ სამი პრეტენდენტისგან ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა ვალერიას გააჩნდა როგორც პროფესიული თვისებებით, ისე გამოცდილებითა და სცენაზე ქცევის მიხედვით“.

„ევროვიზია–2008“–ის გამარჯვებულის – დიმა ბილანის პროდიუსერმა იანა რუდკოვსკაიამ მხარი დაუჭირა ფადეევისა და კრუტოის აზრს.

„მე ყველაზე მეტად ვალერია მომეწონა, მე მას ვგულშემატკივრობდი. მიმაჩნია, რომ ის საკმაოდ საინტერესო მსახიობია, ის პროფესიონალია. ის ღირსი იყო, რუსერთი ამ კონკურსზე წარმოედგინა და, ჩემი აზრით, საკმაოდ წარმატებულად“, – მიიჩნევს რუდკოვსკაია.

მისი აზრით, პრიხოდკოს „გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ისეთი პროფესინალებისთვის, როგორებიც არიან პატრიცია კაასი, საკის რუვასი და ჯეიდი –საფრანგეთიდან, საბრძნეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან“.

მომღერალ ვალერიას პროდიუსერი იოსებ პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ კენჭისყრის შედეგები აუცილებლად უნდა გაპროტესდეს.

ამასთან, მან „რია ნოვოსტისთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მას „პირადი წყენა არ გააჩნია“ და ის „არ გაბრაზდებოდა, კონკურსზე სხვა ვინმეს რომ გაემარჯვა“.

„უნდა გაკეთდეს ახალი არჩევანი და „ევროვიზიაზე“ სხვა ადამიანი უნდა გაიგზავნოს, რადგან უკრაინულ ენაზე შესრულებულ სიმღერას არაფერი საერთო არ გააჩნია რუსეთთან“, – მიიჩნევს სააგენტოსთან მოსაუბრე.

გარდა ამისა, პრიგოჟინის აზრით, პრიხოდკომ „არც ისე კარგად იმღერა“.

ამასთან, მომღერლის პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე მიიჩნევს, რომ მისი შეგირდის მონაწილეობა „ევროვიზიაზე“ ძალზე „სწორი და დროულია“.

„ჩემთვის ეს დიდი სიხარულია. მე მხარს ვუჭერ რუსების, უკრაინელების და ქართველების და ყველა დანარჩენის მეგობრობას. პრინციპში, ეს საკმაოდ ინტერნაციონალური სიმღერაა, იმიტომ რომ მისი მუსიკა დაწერა ქართველმა, შეასრულა უკრაინელმა, ტექსტი კი ნახევრად ესტონელმა დაწერა“, – განაცხადა მან.

მისი აზრით, მაყურებე;თა და ჟიურის ამგვარი არჩევანი – „ეს დროული სიგნალია, რომ ჩვენი ხალხის სულების რეალური ნათესაობა არსებობს“.

რუსეთი გასული წლის კონკურსის გამარჯვებულია, ამიტომ ის ავტომატურად „ევროვიზია–2009“–ის ფინალში ხვდება, რომელიც სპორტულ კლუბ „ოლიმპიურში“ 16 მაისს შედგება. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება