00:39
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დარღვევებზე რეაგირების სამუშაო ჯგუფს ეკა ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს

19:45 | 14/ 12/ 2007

თბილისი, 14 დეკემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ნანა მამაგულიშვილი/. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიერ შექმნილი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დარღვევებზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილი წარადგინა.

ჯგუფში, რომელშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები შედიან, იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს.

ლადო გურგენიძის თქმით, უკვე გაიმართა ჯგუფის შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვირვებელთა მისიის (OSCE/ODIHR) ხელმძღვანელთან დიტერ ბოდენთან, ხოლო უახლოეს დღეებში დაგეგმილია ერთობლივი შეხვედრა ნინო ბურჯანაძესთან და დიტერ ბოდენთან. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი კოორდინირებულად იმუშავებს ადგილობრივ და უცხოელ დამკვირვებლებთან.

იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი დღეს უკვე შეუდგა მუშაობას და მას მასმედიასთან ყოველდღიული კონტაქტები ექნება.

მისი თქმით, ჯგუფს ორი ძირითადი მიმართულება აქვს - ესაა ყველა უწყებასთან მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობა, რათა არჩევნები ღია და თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს, ასევე იმისთვის, რომ დამკვირვებლებს მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჰქონდეთ მუშაობაში. და მეორე - წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კანონის დარღვევაზე რეაგირება და მისი პრევენცია.

ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფი იმუშავებს, როგორც სწრაფი რეაგირების ჯგუფი. მისი თქმით, დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა შემოსული სიგნალი, ასევე გახმოვანებული ან პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია.

”ეს პროცესი დღეიდან დაიწყება და მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაგრძელდება, ასევე 5 იანვარს - არჩევნების დღეს”, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება ჯგუფისადმი უნდობლობას ოპოზიციის მხრიდან, ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ყოველი მოქალაქე შეძლებს დარწმუნდეს, რომ სამუშაო ჯგუფი ყველა სიგნალს პრინციპულად შეისწავლის და რეაგირებას მოახდენს მასზე. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება