05/12/2007 08:18
ბელგრადი, 5 დეკემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მთავრობას გაუგზავნა საპასუხო ზომების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კოსოვოს ალბანური ხელისუფლება მხარის დამოუკიდებლობას ცალმხრივად გამოაცხადებს. ამის შესახებ სამშაბათს ჟურნალისტებს პარლამენტში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ ერემიჩმა განუცხადა.
”იმედია, არ მოგვიწევს ამ ზომების გატარება და საერთაშორისო საზოგადოებრიობა გააცნობიერებს, რომ მხოლოდ კომპრომისული გადაწყვეტილების შედეგადაა შესაძლებელი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა”, - განაცხადა მან.
ერემიჩმა უარი თქვა კონკრეტული საპასუხო ზომების დასახელებაზე და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლო იყო.
ამასთანავე, პარლამენტის დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას მან მიუთითა, რომ მთავრობისთვის შეთავაზებული გეგმა ყველაზე მკაცრი ზომის სახით ითვალისწინებს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ქვეყნებთან, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებენ”.
”სერბეთი დიპლომატიურ ბრძოლას გააგრძელებს, რათა გაეროს უშიშროების საბჭოს 19 დეკემბრის სხდომაზე უპირატესობა მიანიჭონ კოსოვოს სტატუსის თაობაზე დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას”, - ხაზი გაუსვა მინისტრმა. -0-
|
|||||||||