03/12/2007 18:21
თბილისი, 3 დეკემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", თინათინ ჟვანია/. საქართველოს ხელმძღვანელობამ ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის აღდგენის თხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ "იმედთან" დაკავშირებული მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და ეს ტელეარხი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მფლობელობაში და მისი უშუალო კონტროლის ქვეშ რჩება, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, განიხილოს "იმედზე" დადებული ყადაღის მოხსნის საკითხი", - განაცხადა ბურჯანაძემ.
"იქედან გამომდინარე, რომ დემოკრატიის პრინციპების დაცვას წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია ის ვითარება, რომ ყველა ქართული მასმედია ფუნქციონირებდეს", - აღნიშნა მან.
"მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია "იმედის" ქონების და მაუწყებლობის ლიცენზიის დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება კანონის თანახმად სასამართლომ მიიღო, მე ვთხოვ გენერალურ პროკურატურას, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობა და წინასაარჩევნო პერიოდი, გაითვალისწინოს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არსებობს შეთანხმებები და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კორპორაცია News Corp-თან", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა.
"გთხოვთ, ამოწურულად ჩაითავალოს ის საფრთხე, რასთან დაკავშირებითაც "იმედის" ქონებას ყადაღა დაედო, და მიმართოთ სასამართლოს ტელეკომპანიისთვის ყადაღის მოხსნის შუამდგომლობით", - განაცხადა ბურჯანაძემ.
"დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ოთხშაბათს გენერალური პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან ყველა პროცედურა დასრულებული იქნება და, შესაბამისად, "იმედის" თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, შევიდნენ შენობაში და აუცილებელი სამუშაოები ჩაატარონ, რათა ტელეარხმა მაუწყებლობა მაქსიმალურად მცირე დროში განაახლოს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
"იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები News Corp-თან კვირის ბოლოს შედეგიანად დასრულდება. ჩვენი მხრივ, ამ მოლაპარაკებების დარულებას არაფერი უდგას წინ. ვფიქრობ, რომ News Corp-იც ასევეა დაინტერესებული, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს და ყველა საკითხი მოგვარდეს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
"მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოს მხრიდან "იმედს" ყადაღა მოეხსნება, ჩვენი მხრიდან ტელეარხის ფუნქციონირებას არანაირი წინააღმდეგობა არ შეექმნება", - დაამატა მან.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ და სხვა ნაბიჯებით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არავის, არც ერთ ობიექტურ ადამიანს, ან ობიექტურ დამკვირვებელს ან საერთაშორისო ორგანიზაციას ეჭვი არ შეეპაროს, რომ არჩევნები ნამდვილად გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და თავისუფლად ჩატარდება", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.--0--
|
|||||||||