20:43
рус | geo
 
6/09/2010
Rambler's Top100

გაერთიანებული ოპოზიცია ნინო ბურჯანაძისგან მიხეილ სააკაშვილის ქმედებების სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს

19:20 | 29/ 11/ 2007

თბილისი, 29 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო"/. გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან ნინო ბურჯანაძისგან მოითხოვს, სამართლებრივი შეფასება მისცეს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

ამის შესახებ 29 ნოემბერს ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რესპუბლიკელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

"გაერთიანებული ოპოზიცია ნინო ბურჯანაძისგან მიხეილ სააკაშვილის ქმედებების შეფასებას და კითხვაზე პასუხს მოითხოვს, თუ რატომ მართავს მოქალაქე სააკაშვილი წინასაარჩევნო კამოპანიის დროს შეხვედრას დევნილებთან თბილისის მერიის შენობაში და განკარგულებებს აძლევს მინისტრებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"მიხეილ სააკაშვილის ქმედებებისთვის სამართლებრივი შეფასების მიცემა - ეს პირველი ტესტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაგები გახდება, რისკენ ისწრაფვიან ისინი: დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა თუ მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების უზურპაციისკენ", - განაცხადა ხიდაშელმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ყურადღება მიაქცია ფაქტს, რომ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის დაცვით და ესკორტით სარგებლობს, ცხოვრობს საკუთარ რეზიდენციაში შავნაბადაზე. თინათინ ხიდაშელის თქმით, "აუცილებელია აქტის მიღება, რომელიც დაარეგულირებს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას და მის პრივილეგიებს, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძის შემთხვევაში იყო".

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო მოსახლეობას მსგავსი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ყოველდღე მიაწვდის.--0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება