27/11/2007 14:26
თბილისი, 27 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", მელსიდა აკოფიანი/. საქართველოს პარლამენტში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლის სერგეი ჩაბანის საკითხი განიხილება. ამის შესახებ ტელეკომპანია "მზე" იუწყება.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ დსთ-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში კოლექტიური ძალების სარდალს სერგეი ჩაბანს მანდატი გაუგრძელა. ”მშვიდობისმყოფელები ეფექტურად მსახურობენ და დაკისრებულ ამოცანებს ნორმალურად უმკლავდებიან. ჩვენ მას მანდატი გავუგრძელეთ, თუმცა უახლოეს დროში ახალი კანდიდატურის ძებნა მოგვიწევს”, - განაცხადა სერდიუკოვმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ის კოლექტიური ძალების სარდალი სერგეი ჩაბანი ”არასასურველ პერსონად” გამოაცხადა და მისი ”დაუყოვნებლივ გაწვევა” მოითხოვა.
უშიშროების საბჭოს სხდომა პარლამენტის შენობაში იმასთან დაკავშირებით გაიმართა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ნინო ბურჯანაძე ასრულებს. --0--
|
|||||||||