19/11/2007 17:56
თბილისი, 19 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", ირინა ზურაბაშვილი/. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებმა ოპოზიციიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართვა გაუგზავნა თხოვნით, მხარდაჭერა გაწიონ ტელეკომპანია "იმედის" აღდგენაში. ამის შესახებ 19 ნოემბერს პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციიდან" ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ამ არხის დახურვა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არღვევენ სიტყვის თავისუფლებას და ოპოზიციონერ კანდიდატებს სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის სივრცე არ ეძლევათ.
ჩიხრაძემ ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტობის კანდიდატი "ახალი მემარჯვენეებიდან" დავით გამყრელიძე საკუთარი კანდიდატურის მოხსნას აპირებს სხვა კანდიდატის სასარგებლოდ.
ჩიხრაძის განცხადებით, გამყრელიძემ პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ განცხადება დიდი ხნის წინ გააკეთა და ამჟამად მისი კანდიდატურის მოხსნის საკითხი არ დგას.
"ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის მიზანია, არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გამარჯვება. მთელი ოპოზიციის წინ დგას პროგრამა მინიმუმი, რომ მან პირველ ტურში არ გაიმარჯვოს. ხოლო თუ მეორე ტური იქნება დანიშნული, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას ნამდვილად მოუწევს გაერთიანება და ერთიანი კანდიდატის წამოყენება", - განაცხადა მან.
ფიქრია ჩიხრაძემ ოპოზიციას მოუწოდა "ებრძოლონ არა ერთმანეთს, არამედ სააკაშვილის რეჟიმს".--0--
|
|||||||||