01:04 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 9 ნოემბერი /"ახალი ამბები -საქართველო"/. საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გამორიცხავს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო საკუთარი სახელით პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს წარადგენს. ამის შესახებ დეპუტატმა ახალი ამბები - საქართველოს" კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა. "ეს გამორიცხულია. ასევე გამორიცხულია, რომ ჩვენ კანდიდატად თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი წარვადგინოთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა სააგენტოს კორესპონდენტის კითხვებზე პასუხისას. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც 10 პარტიაა, უახლოეს მომავალში ერთიან კანდიდატს წარადგენს. "ამ ადამიანის სახელი ყველასთვის დიდი სიურპრიზი იქნება. თუ ყველა პარტია საბჭოში ამ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება. გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალურ შანსს მიიღებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. "გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ქვეყანაში საპრეზიდენტო ინსტიტუტს გააუქმებს და ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება", - აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელმა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში მომავალი წლის 5 იანვარს ჩატარდება.--0--
|
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||