28/11/2007 11:32
თბილისი, 28 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", მელსიდა აკოფიანი/. დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ალექსანდრ პავლუშკო კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლის სერგეი ჩაბანის ბრძანებით გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია "მზე".
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი განმუხურის სპეცოპერაციის ჩატარებისას უპასუხისმგებლობასა და არაორგანიზებულობაშია ბრალდებული. პავლუშკოს და სამშვიდობო ძალების სხვა ოფიცრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გალის მიმართულების კოორდინატორმა თორნიკე კილანავამ ტელეკომპანიის ეთერში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა.
"პოლკოვნიკი ალექსანდრ პავლუშკო, რომელიც განმუხურის პროვოკაციის პირდაპირი პასუხისმგებელია, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მას მძევლები განმუხურიდან სოხუმში უნდა ჩაეყვანა. მან ეს არ შეასრულა და ამ პროვოკაციის სათანადო ორგანიზება ვერ შეძლო. გარდა ამისა, 7 წელი მიესაჯა იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სპეცოპერაციას ვიდეოთი იღებდა და კასეტა დაკარგა, რომლის წყალობითაც ჩვენთვის ყველა ეს მოვლენა გახდა ცნობილი. გადააყენეს ასევე მისი (პავლუშკოს) შტაბის ყველა ოფიცერი", - განაცხადა კილანავამ.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო სერგეი ჩაბანს დსთ-ის სამშვიდობო ძალების სარდლად ქართულ-აფახაზური კონფლიქტის ზონაში არ ცნობს და მისი ამ სტატუსით განხილვა ყოვლად დაუშვებელია.
კერძოდ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ასტანაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდუკოვის გამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა საბჭო არ არის დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლისათვის მანდატის მინიჭების (ან გაგრძელების) უფლებამოსილი ორგანო. ”დსთ-ის სამშვიდობო ძალების სარდლის უფლებამოსილების საკითხის განხილვა დსთ-ის მეთაურთა საბჭოს პრეროგატივაა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა პრესკონფერენციაზე ასტანაში განაცხადა, რომ დსთ-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში კოლექტიური ძალების სარდალს სერგეი ჩაბანს მანდატი გაუგრძელა. ”მშვიდობისმყოფელები ეფექტიანად მსახურობენ და დაკისრებულ ამოცანებს ნორმალურად უმკლავდებიან. ჩვენ მას მანდატი გავუგრძელეთ, თუმცა უახლოეს დროში ახალი კანდიდატურის ძებნა მოგვიწევს”, - განაცხადა სერდიუკოვმა პრესკონფერენციაზე.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ის კოლექტიური ძალების სარდალი სერგეი ჩაბანი ”არასასურველ პერსონად” გამოაცხადა და მისი ”დაუყოვნებლივ გაწვევა” მოითხოვა. --0--
|
|||||||||