23:46
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში მშვიდობისმყოფელების სარდლისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ იურიდიული ძალა არა აქვს

14:48 | 27/ 11/ 2007

თბილისი, 27 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", თინათინ ჟვანია/. დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში მშვიდობისმყოფელების სარდლისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ სამართლებრივი ძალა არა აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განუცხადა. 

"სამართლებრივი თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილებას არანაირი ძალა არა აქვს. საქართველო დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა საბჭოში არ მონაწილეობს, ხოლო მანდატის გაგრძელება ამ დონეზე კი არ წყდება, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დონეზე", - განაცხადა გელა ბეჟუაშვლმა.

"ამიტომ თავდაცვის მინისტრთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არა აქვს. ეს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების, საკუთარი ხალხის შეცდომაში შეყვანის და ქართული მხრის რაიმე ქმედებაზე პროვოცირების კიდევ ერთი მცდელობაა", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასეთი კომენტარი გააკეთა მან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცხადებაზე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დსთ-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში კოლექტიური ძალების სარდალს სერგეი ჩაბანს მანდატი გაუგრძელა. ”მშვიდობისმყოფელები ეფექტურად მსახურობენ და დაკისრებულ ამოცანებს ნორმალურად უმკლავდებიან. ჩვენ მას მანდატი გავუგრძელეთ, თუმცა უახლოეს დროში ახალი კანდიდატურის ძებნა მოგვიწევს”, - განაცხადა სერდიუკოვმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ეს კიდევ ერთი ფაქტია იმისა, რომ არა მარტო საერთაშორისო ნორმების, არამედ თვითონ დსთ-ის ნორმების და პრინციპების იგნორირება ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ამასთან, რუსეთი, რომელსაც დსთ-ის ლიდერობის პრეტენზია და ამბიცია აქვს, თვითონ არღვევს ამ ნორმებს და პრინციპებს", - აღნიშნა ბეჟუაშვილმა.

მანამდე, ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ის კოლექტიური ძალების სარდალი სერგეი ჩაბანი ”არასასურველ პერსონად” გამოაცხადა და მისი ”დაუყოვნებლივ გაწვევა” მოითხოვა.

საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველო კვლავ გაიმეორებს ამას და სერგეი ჩაბანის მიმართ საკუთარ უარყოფით პოზიციას დააფიქსირებს. იგი მიუღებელი პერსონაა და საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.--0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება