Rambler's Top100
RIA Novosti

საქართველოს ინტერესებში აფხაზეთში კონფლიქტის ესკალაცია არ შედის - ბაქრაძე

21/11/2007 12:53

თბილისი, 21 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოს ინტერესებში აფხაზეთში კონფლიქტის ესკალაცია არ შედის. ამის შესახებ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ოთხშაბათს ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განუცხადა. 

"საქართველოს ინტერესებში კონფლიქტის ესკალაცია არ შედის, მით უფრო პერიოდში, როდესაც ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ სერიოზული შეშფოთება მხოლოდ მაშინ გამოხატა, როდესაც აფხაზეთში რუსული ძალის და ტექნიკის უკანონო შეყვანის შესახებ გახდა ცნობილი და ამასთან დაკავშირებით რეაქციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, "რის შემდეგაც პროცესი შეჩერდა".

"ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი აღარ განახლდება, ხოლო თუ რუსეთი მაინც არ იტყვის უარს საკუთარ განზრახვაზე, ეს ჩვენ ღრმა და სერიოზულ კრიზისამდე მიგვიყვანს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კოსოვოს გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების თვითონ ფაქტი საშიშროებას არ წარმოადგენს". "საშიშროებას ამ საკითხით სპეკულაცია წარმოადგენს. კოსოვოს ანალოგიების გამოყენება სხვა სიტუაციებში საშიში პროცესების დაწყებას ნიშნავს და, პირველ რიგში, ეს თვითონ რუსეთზე აისახება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
 
დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული კონიუნქტურის პირობებში რუსეთი აღიარების პროცესს არ დაიწყებს.--0--