18:30 |
рус | geo | |
| 10/09/2010 | ||
თბილისი, 8 აგვისტო /"ახალი ამბები - საქართველო", თინათინ ჟვანია/. 6 აგვისტოს ინციდენტის მსვლელობისას ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის და ტერიტორიის დაბომბვის განხორციელების ფაქტზე საქართველოს უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 8 აგვისტოს, ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა. "სამოქალაქო ავიაციის რადარების მონაცემები თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მონაცემებს ემთხვევა, რაც კიდევ ერთი ამტკიცებს ჩვენს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავები საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან შემოფრინდნენ", - განაცხადა ბეჟუაშვილმა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ "შერეულმა ჯგუფმა ეუთოს წარმომადგენლების და რუსი ექსპერტების მონაწილეობით ფაქტობრივად დაამტკიცეს ის ფაქტი, რომ თვითმფრინავები ნამდვილად ჩრდილოეთიდან შემოფრინდნენ". საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ექსპერტთა დასკვნა პრესას გადაეცემა. ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა არაფეთქებული რაკეტის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გორის რაიონში ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო. "ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოგდებულ იქნა რუსული წარმოების "რადუგას" ტიპის KH-58 ტაქტიკური რადიოლოკაციურსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა. რაკეტის პარამეტრებია: სიგრძე - 4,80 მეტრი, დიამეტრი - 0,38 მეტრი, წონა - 640 კილოგრამი. რაკეტა აღჭურვილია ფუგასური საბრძოლო ნაწილით, რომელიც შეიცავს 140 კილოგრამ ტროტილს (TNT/RDX). ნატოს კლასიფიკაციით ეს შეესაბამება რაკეტის ტიპს 11 Kilter", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. "სროლა განხორციელდა რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავიდან სუ-24, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან შემოიჭრა", - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ქართული საგარეოპოლიტიკური უწყება აღნიშნავს, რომ ამ ტიპის თვითმფრინავი, ისევე, როგორც რაკეტა, ქართული არმიის შეიარაღებაში არ არის.--0--
|
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||