23:50
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

ევროპის საბჭოს წარმომადგენელს საქართველოში დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების იმედი აქვს

18:14 | 27/ 11/ 2007

თბილისი, 27 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", თინათინ ჟვანია/. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელი იან კუბიში მიუთითებს, რომ მსოფლიო საზოგადოება საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მომზადების და ჩატარების პროცესს აკვირდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისში 27 ნოემბერს განუცხადა.

"ჩვენ ასევე დავაკვირდებით არჩევნების ხარისხს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კუბიშმა. მან კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის ფაქტი და ის, რომ "საქართველოში შექმნილი ვითარება ამგვარად წყდება".
 
კუბიშმა განაცხადა, რომ თბილისში ყოფნისას, ვითარების უკეთ გასაცნობად, ის შეხვედრებს ჩაატარებს პრეზიდენტობის კანდიდატებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

იან კუბიშმა ასევე არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი სურვილები გამოთქვა.

"მასმედია თავისუფლად და წინააღმდეგობის გარეშე უნდა მოქმედებდეს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენციის პირობები ყოველი პოლიტიკური პარტიისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან შეხვედრისას მე ასევე "იმედის" საკითხი დავაყენე. ვიმედოვნებ, ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება და ეს ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება იმისა, თუ რამდენად გაჯანსაღდა მდგომარეობა", - განაცხადა კუბიშმა.

"მეორე საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა შესაძლებლობები მიეცემათ ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატებს, როგორ იქნება უზრუნველყოფილი მათი ქმედებების თავისუფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ამ წინასაარჩევნო პერიოდში, და რომ მათ შესაბამისი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება მიეცეთ და იგრძნონ, რომ მათზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება", - აღნიშნა კუბიშმა. 

"და მესამე - ცოტა ხნის წინ საქართველოში დემონსტრაციები გაიმართა, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა ქმედებებზე სხვადასხვა კითხვები დაისვა", - განაცხადა კუბიშმა და აღნიშნა, რომ რომელიმე მხრის მიერ დარღვევების გამოსავლენად გამოძიება უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება არჩევნებზე ეუთოდან დიდი რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოსვლას, კუბიშის თქმით, "ეს ძალიან კარგი ნიშანია და მიუთითებს, რომ საქართველოში ხარისხიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია".

"არსებობს ქვეყნები, სადაც ODIHR დამკვირვებელთა საკუთარ მისიებს არ გზავნის, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ შესაბამისი პირობები შექმნილი არ არის და თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება", - განაცხადა კუბიშმა.--0--


 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება