21:00
рус | geo
 
6/09/2010
Rambler's Top100

სააკაშვილი, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში - მიიჩნევენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატები

15:50 | 27/ 11/ 2007

მოსკოვი, 27 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, 5 ნოემბრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ პოსტს შეინარჩუნებს, მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი დსთ-ის საკითხებში სერგეი ანტუფიევი.

"თუ ჩვენ სიტუაციას ისე დავაკვირდებით, როგორც ის დღეს ვითარდება, მაშინ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილი გაიმარჯვებს და საქართველო ნატოში შესვლას მისცემს ხმას", - ანტუფიევის ჟურნალისტებისთვის გაკეთებული განცხადების ციტირებას "რია ნოვოსტი" ახდენს.

ამასთან, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ვერც გარკვეული პოლიტიკური პროგრამის წარმოდგენა და ვერც სააკაშვილთან დასაპირისპირებლად "ელემენტარული ერთიანობის" დემონსტრირება ვერ შეძლო.

"ქართულ ოპოზიციას ქარიზმატული ფიგურა არ ჰყავს, რომლის გარშემოც ის გაერთიანებას შეძლებდა", - აღნიშნა პარლამენტარმა.

ამგვარად, მომავალი წლის 5 იანვარს, ანტუფიევის აზრით, მიხეილ სააკაშვილი "საკუთარი ორი მთავარი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს: გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო მოსახლეობა ნატოში შესვლას მისცემს ხმას".

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყველა მსგავს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიღებაც საერთო სახალხო რეფერენდუმის ფარგლებში ხდება, შემდგომში ზემოქმედება ძალიან რთული იქნება.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით "რეალურ მექანიზმებს" ვერ ხედავს, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემდა საქართველოს ნატოში შესვლას აღდგომოდა წინ. ამ ქვეყანაში პოლიტიკური გარდაქმნების შესახებ საუბრისას ანტუფიევმა ამჟამინდელი მდგომარეობა დაახასიათა, როგორც ამ რეგიონში "რუსული საგარეო პოლიტიკის მარცხი".

მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თბილისის საკუთარ რიგებში მიღებით თვითონ არის დაინტერესებული.

"საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა ისეთია, რომ ამერიკელებისთვის აქ თავისი ნატოს ბაზების განლაგება ძალიან მნიშვნელოვანია. სააკაშვილს საქართველოს ნატოში შესვლის ხელშემწყობი რაიმე დამატებითი ზომების გატარება არ მოუწევს", - განმარტა ანტუფიევმა. 

მისი თქმით, საქართველო, ფაქტობრივად, "რუსეთის საზარდულია" (является "подбрюшьем России") და რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნატოს ძალების განთავსება ამერიკელებს რუსეთის სამხრეთ საზღვრების გაკონტროლების საშუალებას მისცემს. 

ანტუფიევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ საქართველოს მოსახლეობა რეფერენდუმზე ნატოში შესვლას მისცემს ხმას, ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეიძლება უკვე 2008 წელს გაწევრიანდეს.

ამავდროულად, პარლამენტარმა არ გამორიცხა თბილისის შემდგომი გართულებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

"მე ვვარაუდობ, რომ საქართველო, შევა რა ნატოში, ამ კონფლიქტების გადაწყვეტას ნატოს ძალებით შეეცდება და დიდია ახალი საერთაშორისო კონფლიქტის გაჩენის ალბათობა", - განაცხადა მან.

ანტუფიევმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ამ რეგიონში "უფრო საშიში იქნება, ვიდრე იუგოსლავიაში". ამასთან, რუსეთი განზე გადგომას ვერ შეძლებს, რადგანაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მაცხოვრებელთა უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, მიაჩნია დეპუტატს.

მისი აზრით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების მოგვარების შემთხვევაში შესაძლებელია საერთაშორისო ინსტიტუტების, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს მონაწილეობა.

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლეონიდ სლუცკი ვარაუდობს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიხიელ სააკაშვილი შეძლებს, რადგანაც "იგი პრივილეგირებულ პირობებშია".

"ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, მოწყვეტილია საინფორმაციო მაუწყებლობას და სააკაშვილთან არათანაბარ სააგიტაციო პირობებში იმყოფება", - აღნიშნა მან.

სლუცკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, წინასაარჩევნო სეზონის დროს თავი შეიკავოს მორიგი პროვოკაციებისგან და დემოკრატიული ნორმების დაცვისთვის ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს.

ამასთან, პარლამენტარს გაუჭირდა თქმა, რამდენად რეალურია საქართველოს ნატოში შესვლა უახლოეს პერიოდში.

"აუცილებელია იმის გააზრება, თუ რამდენად სჭირდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მიღება საკუთარ რიგებში", - აღნიშნა მან.

ამავდროულად, სლუცკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააძლიეროს სამხრეთ საზღვრები, რათა აღკვეთოს ყველა შესაძლებელი პროვოკაცია აფხაზური და სამხრეთოსური კონფლიქტების ზონებში.--0--

 


 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება