16/11/2007 17:47
თბილისი, 16 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენის მომხრეა, რომელიც 7 ნოემბერს შეწყდა, როდესაც ტელევიზიის ოფისში სპეცრაზმი შევარდა. მოგვიანებით, თბილისის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ტელეკომპანია იმედის ქონებასა და მაუწყებლობის ლიცენზიაზე ყადაღის დადების შესახებ.
”საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად მოიხსნება მასმედიისთვის მანადე გამოცხადებული შეზღუდვები, მაგრამ, ამავდროულად, ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი ტელეკომპანია ”იმედის” მიმართ. ევროკავშირი მხარს უჭერს ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენას და ჩვენ ვაგრძელბეთ იმ გზების ძებნას, რომელიც ამ საკითხის მოგვარებამდე მიგვიყვანს”, - განაცხადა სემნებიმ.
”ტელეკომპანია ”იმედთან” დაკავშირებით მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს გამონახოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან”, - აღნიშნა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
”ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ მასმედიასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმიტომ რომ სიტყვის თავისუფლება ევროკავშირის მთავარი ფასეულობებიდან ერთ-ერთია და ამავდროულად, ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ”, - განაცხადა სემნებიმ.
”ამავდროულად, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მასმედიის თავისუფლება როგორც მთავრობის მხრიდან, ისე ჟურნალისტთა მხრიდან განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. და, როდესაც ჩვენ ”იმედის” საკითხის გადაჭრას ვცდილობთ, ეს ასპექტი უნდა იყოს გათვალისწინებული”, - დასძინა სემნებიმ. --0--
|
|||||||||