22:03
рус | geo
 
11/03/2010
Rambler's Top100

ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შეწყალების კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა

16:07 | 13/ 03/ 2009

თბილისი, 13 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - გიორგი ცაგარეიშვილმა და რომან მარსაგიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შეწყალების კომისიიდან გამოსვლის თაობაზე განცხადება დაწერა.

ამ ნაბიჯის მიზეზად დეპუტატები 2008 წლის 23 ნოემბერს შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ასახელებენ, როდესაც შეწყალების კომისიის გვერდის ავლით საქართველოს გაერთიანებული ბანკის 28 წლის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის სკანდალური მკვლელობის გამო მსჯავრდებულები შეიწყალეს.

როგორც პარასკევს ბრიფინგზე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, შეწყალებაზე წარდგენილთა სია მათ არ გადასცეს.

რომან მარსაგიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კომისიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების საქმე საერთოდ არ განუხილავს.

გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტმა ასევე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეც აღაშფოთა. მან განაცხადა, რომ ცაგარეიშვილის და მარსაგიშვილის პოზიციას იზიარებს.

”გირგვლიანის საქმეზე დამნაშავეების შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი აღშფოთების დამალვა არ შემიძლია და ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიციას ვეთანხმები”, - განაცხადა თევდორაძემ და ამასთან, აღნიშნა, რომ მომხდარი მისთვის მოულოდნელი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა და შეწყალების კომისიის წევრმა მურთაზ ზოდელავამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ”ომის შემდგომ პერიოდში სამხედრო წოდების მქონე პირთა მიმართ უფრო ლიბერალური დამოკიდებულება იქნა გამოყენებული”.

”ამ კატეგორიიდან დაახლოებით 50 ადამიანი შეწყალებულთა სიაში მოხვდა”, - განაცხადა ზოდელავამ და აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულთა მიმართ ყველაზე მკაცრი დამოკიდებულება იყო გამოყენებული, რადგანაც დანარჩენი პირები პასუხისმგებლობიდან სრულად გათავისუფლდნენ.

აღსანიშნავია, რომ გირგვლიანის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს - საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი ალანიას და ამავე სამსახურის სამ ყოფილ ოფიცერს - ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურს მანამდე, 2007 წლის ივლისში ასევე შეუმცირდათ პატიმრობის ვადა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. შედეგად, ალანიას 7 წელი და 6 თვე, ხოლო დანარჩენებს 6 წელი და 6 თვე მიუსჯეს.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში გარდაცვლილი იპოვეს. -0-

 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება