02:10
рус | geo
 
4/09/2010
Rambler's Top100

”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” პრობაციის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

15:25 | 13/ 03/ 2009

თბილისი, 13 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. პარტია ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” უახლოეს დროში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის არ გაცემის გამო. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ 13 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, 2008 წლის დეკემბრიდან პარტიამ რამდენჯერმე მიმართა აღნიშნულ უწყებას მოთხოვნით, წარმოუდგინონ მას იმ პირთა  სია, რომლებიც პრეზიდენტმა 2008 წლის 23 ნოემბერს შეიწყალა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. კანონით, საჯარო ინფორმაციის გაცემა ათდღიან ვადაში უნდა მოხდეს. მისი თქმით, ეს ჩნდება აზრი, რომ შეწყალებულთა სიაში ბევრი საეჭვო პირია.

ეჭვი დადასტურდა ხუთშაბათს, როდესაც პრობაციის მინისრტრმა დიმიტრი შაშკინმა ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ, რომ შეწყალებულთა შორის არიან 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები. შედეგად, ოთხი მსჯავრდებული უახლოეს დროში გათავისუფლდება.

მეტიც, მკვლელობის ერთ-ერთი დამკვეთი - ვასილ სანოძე რამდენიმე კვირის წინ საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აღადგინეს.

ბესელიამ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი უდანაშაულო პირი დღეს პატიმრობაში იმყოფება, მათ შორის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები.

”ჩვენ ძალზე შეშფოთებულები ვართ ხელისუფლების ქმედებებით, კერძოდ, სახელმწიფოს პირველი პირის ქმედებებით, ეს არის ღია, ცინიკური გამოწვევა ქართული საზოგადოებისა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილს არ დაუკარგავს სურვილი, საბოლოოდ გადააქციოს საკუთარი ხალხი მონებად”, - განაცხადა მან.

ოთხ მსჯავრდებულს - საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი ალანიას და ამავე სამსახურის სამ ყოფილ ოფიცერს - ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურს მანამდე, 2007 წლის ივლისში ასევე შეუმცირდათ პატიმრობის ვადა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით. შედეგად, ალანიას 7 წელი და 6 თვე, ხოლო დანარჩენებს 6 წელი და 6 თვე მიუსჯეს.

საქართველოს გაერთიანებული ბანკის თანამშრომელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში გარდაცვლილი იპოვეს. –0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება