04:06
рус | geo
 
12/03/2010
Rambler's Top100

საქართველოს ხელისუფლებამ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით ბინძური კამპანია დაიწყო

10:05 | 13/ 03/ 2009

თბილისი, 13 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება ოპონენტთა, კერძოდ კი მისი გუნდის დისკრედიტაციის მიზნით ბინძურ კამპანიაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა დაუფარავი, ბინძური პროპაგანდა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ და მისი ლიდერის ნინო ბურჯანაძის მიმართ“, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამ პროპაგანდის ერთ–ერთ მიზეზს 9 აპრილის აქცია წარმოადგენს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მთელი პროპაგანდისტული მანქანა აამოქმედა, რათა წარმოადგინოს ბურჯანაძე როგორც 9 აპრილის ერთადერთი ორგანიზატორი და პასუხისმგებელი სუბიექტი. შემდეგ პროპაგანდა გაძლიერდა და გაჩნდა სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო ბრალდებები საეჭვო წარმომავლობის ფულთან, კერძოდ კი რუსულ ფინანსებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, „გაზეთ „ალიაში“ ასევე გამოჩნდა აბსურდული ინფორმაცია რაღაც შეიარაღებული ბანდების ჩამოყალიბების შესახებ, რაც ასევე უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას და 9 აპრილის აქციას, შემდეგ ეს თემა აიტაცა რიგმა ტელევიზიებმა, რაც ხელისუფლების მიერ საგანგებოდ დაგეგმილი კამპანიის დასტურს წარმოადგენს“.

ამასთან, დაიწყო ღია კამპანია ბურჯანაძის დისკრედიტაციის მიზნით მოსახლეობის მიმართ სატელეფონო ზარების მეშვეობით.

დღეს რიგმა მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო ზარები, თითქოს და ბურჯანაძის პარტიიდან. მოქალაქეებს თხოვდნენ პოზიციების დაფიქსირებას 9 აპრილის აქციის თაობაზე, უჭერენ თუ არა ისინი მხარს ბურჯანაძეს და მის პარტიას, აპირებენ თუ არა აქციაზე წასვლას, ასევე შეიცვლიან თუ არა ისინი პოზიციას, თუ პარტია იარაღს გამოიყენებს, რადგან ასეთი შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

მოხერხდა ნომრის დაფიქსირება (41-22-92), რის შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნული ნომერი საქართველოს შსს–ს ეკუთვნის.

ბურჯანაძემ მიმართა ქვეყნის მოსახლეობას, საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

„ყველასთვის ნათელია, რა მეთოდებით ცდილობს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებთნ ბრძოლას“, – განაცხადა ბურჯანაძემ თუმცა, დასძინა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ იქნება. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება