11/03/2009 15:27
თბილისი, 11 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. ამის შესახებ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური 11 მარტს იუწყება.
დაკავებულები არიან 1975 წელს დაბადებული მურად მსხვილაძე, 1972 წელს დაბადებული ვალერი მსხვილაძე, 1963 წელს დაბადებული რამაზ მსხვილაძე და 1959 წელს დაბადებული სევარიონ გუბელაძე.
აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ, ბაღდათის რაიონის სოფელ ხანში მაღალმთიან ტერიტორიაზე გამავალი ზესტაფონი-ბაღდათი-ადიგენი-ახალციხის ხაზის შპს ”ენერგოტრანსის” კუთვნილი, 500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ანკერული ანძებიდან სხვადასხვა პროფილისა და სიგრძის უჟანგავი ლითონის კუთხოვნების მოპარვა. ამოღებულია მათ მიერ გატაცებული კუთხოვნები.
დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო. –0--
|
|||||||||