00:08 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 11 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა უარი განაცხადა, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის, პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერისთვის ირაკლი ოქრუაშვილისთვის ეთერის წარდგენაზე. ამ გადაწყვეტილებას პარტია პოლიტიზირებულად და ხელისუფლების მხრიდან განპირობებულ ზეწოლად მიიჩნევს. „საგანგებო განცხადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ გაავრცელა იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება აუწერელი მასშტაბების დიქტატსა და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ 10 მარტს გამართულ ბრიფინგზე. ბესელიამ აღნიშნა, რომ გასულ კვირაში თოქ–შოუ „პოლიტიკური კვირის“ წამყვან ინგა გრიგოლიასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება შაბათს გადაცემის ეთერში გასვლის შესახებ. სულ ბოლო მომენტში კი გრიგოლიასგან უარი იქნა მიღებული. „საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ დაწყებული ბინძური კამპანია მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების დისკრედიტაციას და ოპოზიციური პარტიებისთვის კარის მუდმივად დახურვას“, – განაცხადა ბესელიამ. ტელევიზიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის „საერთაშორისო სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს ეთერში ისეთი პირების გაყვანას, როგორებიც არიან იგორ გიორგაძე, ირაკლი ოქრუაშვილი,ლევან მამალაძე, ემზარ კვიციანი და ძებნაში მყოფი სხვა პირები“. “საზოგადოებრივი ტელევიზია კატეგორიული წინააღმდეგია ყოველგვარი ზეწოლისა ტელევიზიაზე. საზოგადოებრივი ტელევიზია თავად საზღვრავს თავის სარედაქციო პოლიტიკას და ხელისუფლებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს მასმედიასთან მიმართებაში კანონისა და ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია განცხადებაში. „საზოგადოებრივი ტელევიზია არ გადაიქცევა რომელიმე პარტიის პროპაგანდისტულ იარაღად“, – აღნიშნულია განცხადებაში. ––0–– |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||