Rambler's Top100
RIA Novosti

4 მარტს თბილისში ფესტივალ “ნიამორის” ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიხსნება

03/03/2009 12:45

თბილისი, 3 მარტი, /”ახალი ამბები - საქართველო”, მელსიდა აკოფიანი/. 4 მარტს, 18 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიხსნება ფესტივალ “ნიამორის” ფოტოექსპოზიცია. გამოფენა იმუშავებს 18 მარტის ჩათვლით. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ფესტივალ ”ნიამორის” დირექტორმა თამარ ჯიშკარიანმა განუცხადა.

მისი განცხადებით, ფესტივალის კონკურსის გამარჯვებულები “ნიამორის” სხვა კონკურსების გამარჯვებულებთან ერთად 1 აპრილს დასახელდებიან.

”წლევანდელ ფესტივალზე ორი - საკონკურსო და არასაკონკურსო ექსპოზიცია გამოიფინება. არასაკონკურსო ექსპოზიცია მთლიანად დაეთმობა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის ევერესტის თემას და მასზე 1999 წლის ორი ქართული ექსპედიციის მონაწილეების ბიძინა გუჯაბიძისა და ირაკლი უგულავას ფოტოები გამოიფინება”, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ფესტივალის დასკვნით საკონკურსო ექსპოზიციაზე გამოიფინება 40-ზე მეტი ფოტომოყვარულის 300 ნამუშევარიდან ამორჩეული 40 საუკეთესო ფოტო. საბოლოოდ ჟიური გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში დაასახლებს:

საქართველოს მოქალაქეთა გარდა 2009 წლის ფოტოკონკურსში მონაწილეთა შორის არიან ავსტრიისა და უკრაინის ფოტომოყვარულები.

ფინალისტ კონკურსანტთა შორის არიან: ანდრეი სიდორუკი (უკრაინა), ანდრეას რაიზნერი, ალექს კოლერი, პეტერ შონი, ჰერალდ პაიფინგერი (ავსტრია), გუგა სოლოღაშვილი, თინა რევაზიშვილი, გიორგი ბენდელავა, ნიკა ვარძელაშვილი, დავით ჩიტაია, ბაქარი გაბუნია, დიმიტრი ნადირაძე, სერგი ბარისაშვილი, რატი რატიანი, ნიკა ლებანიძე, კოტე გუჯაბიძე, ია ყაყიჩაშვილი, ანდრო ქართველიშვილი, ლაშა გოდუაძე, მიშა სამხარაძე, გიორგი კვიჟინაძე, ნინო ნაროზაული.

თბილისის საერთაშორისო სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალი “ნიამორი” 2004 წლიდან ტარდება თბილისში.

”ფესტივალის მთავარი იდეა და მიზანია მხარი დაუჭიროს და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში ალპინისტური, სპორტის ექსტრემალური სახეობებისა და სათავგადასავლო (სამოგზაურო) თემატიკის დოკუმენტური კინოსა და ფოტოგრაფიის განვითარებას, როგორც ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრების ერთ-ერთ საშუალებას”, - განაცხადა ჯიშკარიანმა. –0--