22:00 |
рус | geo | |
| 11/03/2010 | ||
თბილისი, 2 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”/. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული თავხედური თავდასხმის გამო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 იანვარს, 11 საათზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, რომლებსაც თან ახლდნენ ლიტველი ჟურნალისტები, იმყოფებოდნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში და ამზადებდნენ მასალას სოფელ თაგილონში აფეთქებული ენგურის ხიდის შესახებ“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. შსს ასევე აცხადებს, რომ გადაღებისთვის ხელის შეშლის მიზნით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მათ რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. საბედნიეროდ, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე განხორციელებული აღნიშნული თავდასხმა წარმოადგენს საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებულ კიდევ ერთ მიზანმიმართულ პროვოკაციას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თავდასხმის სამიზნედ იქცნენ ჟურნალისტები, რისი თვითმხილველებიც გახდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები. აშკარაა, რომ თავდასხმის მიზანი იყო ჟურნალისტების დაშინება და საერთაშორისო მედიისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი სიტუაციის შესახებ დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობის წართმევა. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს საოკუპაციო საჯარისო ნაწილის მიერ განხორციელებული თავხედური თავდასხმის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე ინციდენტების პრევენციისა და გამოძიების ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რაც მიუღებელია რუსული მხარისათვის“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ––0–– |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||