01:05
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

სააკაშვილმა გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, არ ცნონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა

11:47 | 24/ 09/ 2008

თბილისი, 24 სექტემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, არ ცნონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, და გაეროს ფარგლებში კონფლიქტის მოგვარების მექანიზმის შემუშავებისა და საქართველოს ყველა ნაწილის მშვიდობიანი გზით კვლავ გაერთიანების წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ მან სამშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა. იუწყება ”რია ნოვოსტი”.

სააკაშვილი მიესალმა სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მიზეზებისა და შედეგების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების იდეას. მან ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.

”ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და დაუყოვნებლივ მივიღოთ საქართველოს ორი გამოყოფილი რეგიონის მიმართ (დამოუკიდებლობის) არცნობის პოლიტიკა... უნდა ვუზრუნველყოთ ყველა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების სრულად დაცვა... უნდა გადაწყდეს და დაიწყოს გაეროს სრულფასოვანი პროცესი კონფლიქტის მოსაგვარებლად, რომელიც მშვიდიობიანი გზით კვლავ გააერთიანებს საქართველოს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რითაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაარღვია.

კონფლიქტის მიზეზებისა და შედეგების გამოძიების ჩატარებაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში არ უნდა შეიქმნას დაბრკოლება ყველა არსებული დოკუმენტის, დაზვერვითი მონაცემის შესწავლისას და ოფიციალურ პირებთან გასაუბრებისას, რომელთაც კავშირი აქვთ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში აგვისტოს დასაწყისში განვითარებულ მოვლენებთან.

”საქართველო ასეთ გამოძიებას მიესალმება. ჩემი მთავრობა მზადაა, წარმოადგინოს ნებისმიერი სამხილი და უზრუნველყოს ნებისმიერი მოწმის დაკითხვა, რომელიც გამომძიებლებისთვის იქნება აუცილებელი. ამ კონფლიქტის სხვა მხარეებსაც მოვუწოდებთ, სრულფასოვნად ითანამშრომლონ გაოძიებასთან და არ შეუქმნან მას დაბრკოლებები”, - აღნიშნა სააკაშვილმა. -0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება