29/11/2007 12:22
თბილისი, 29 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ეკა ბესელია, ბერლინში ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ძებნაში იყო გამოცხადებული, გერმანიის საგამოძიებო ორგანოებისთვის დოკუმენტაციას ამზადებს.
”მე დამიკავშირდნენ გერმანიიდან და ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით აუცილებელი დოკუმმენტაციის მომზადება მთხოვეს”, - განუცხადა ეკა ბესელიამ სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს.
მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ უსაუბრია თავის დაცვის ქვეშ მყოფთან, თუმცა, იცის, რომ ოქრუაშვილს ადვოკატთან დაკავშირების უფლება მისცეს.
”ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დროში მასთან საუბარს შევძლებ. ჯერჯერობით ოქრუაშვილის ინტერესებს გერმანიაში სახაზინო ადვოკატი დაიცავს”, - აღნიშნა ბესელიამ.
28 ნოემბერს ბერლინის პროკურატურის წარმომადგენლებმა ბერლინის სასტუმროში ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ განაცხადეს, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებბნაში იყო გამოცხადებული. ბერლინის პროკურატურის წარმომადგენელმა მიხაელ გრუნვალდმა განაცხადა, რომ დაკავებულის ექსტრადიციის საკითხის გადასაჭრელად თბილისმა გერმანიას ორმოც დღეში უნდა წარმოუდგინოს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ საბრალდებო მასალები.
”ექსტრადიციაზე ორდერის გაცემის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს სუფთა ფორმალური შესწავლა, გაცემის შესახებ ევროპული შეთანხმების შეასბამისად, საკითხის, - წარმოადგენს თუ არა ქართული ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ფაქტები დანაშაულს გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით”, - აღნიშნა ბერლინის პროკურატურის წარმომადგენელმა.
საქართველოს გენერალურ პროკურატურას ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი გერმანიაში ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან იმყოფება, სადაც გირაოს გადახდის შემდეგ, საქართველოს საგამოძიებო ორგანოების შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, სამკურნალოდ გაემგზავრა.
15 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილზე, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოიების მიერ, პროკურატურაში ჩვენებების მისაცემად არგამოცხადების გამო საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. --0--
|
|||||||||