28/11/2007 15:15
თბილისი, 28 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. როგორც კი ტელეკომპანია ”იმედი” საქართველოს ხელისუფლების პირობებს შეასრულებს, ის განაახლებს მაუწყებლობას. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ 28 ნოემბერს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”საქართველოს მთავრობამ ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობას სამი პირობა წაუყენა. პირველი - ეს ფინანსური გამჭვირვალობაა. მეორე - კომპანიის მფლობელის და მართვის გამჭვირვალობა. მესამე - ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების დაცვა. ყველა ეს პირობა ასევე ეცნობა News Corp-ს და ქართული მხარე ამ წინადადებებზე კონსტრუქციულ პასუხებს ელის”, - განაცხადა ლომაიამ.
”საქართველოს მთავრობა კვირის ბოლომდე News Corp-სგან პასუხს ელის. ჩვენს მთავრობას სურს, რომ ტელეკომპანია ”იმედი” რაც შეიძლება მალე აღდგეს. აღნიშნული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენის საკითხი. როგორც კი ისინი შესრულდება - იმავე დღეს ”იმედი” მაუწყებლობის აღდგენას შეძლებს”, - აღნიშნა ალექსანდრე ლომაიამ.
მისი თქმით, ”საქართველოს მთავრობა ასევე დაინტერესებულია იმაში, რომ კორპორაცია News Corp-მა იმუშაოს და საქართველოში საკუთარი ბიზნესი განავითაროს”. ”თუმცა, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ბიზნესი, მათ შორის News Corp-ის ბიზნესიც, უნდა პასუხობდეს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ კორპორაციისგან ადეკვატურ პასუხს ველით”, - დასძინა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.
ლომაიამ აღნიშნა, რომ ”საქართველოს მთავრობა არასდროს აყენებდა საკითხს ტელეკომპანიის გახსნასა თუ არ გახსნაზე”. ”რა თქმა უნდა, ის განაახლებს მუშაობას. მაგრამ, მის გახსნას თან უნდა ახლდეს აღნიშნულიპირობების შესრულება, რომელიც აუცილებელია საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში”, - განაცხადა ლომაიამ.
მან აღნიშნა, რომ News Corp-ის ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს ხელისუფლება იზიარებს შეშფოთებას ტელეარხის დახურვის ფორმაზე. ”ეს ფორმა არ იყო სასიამოვნო. და, შესაძლოა, ამ მომენტში ”იმედს” მატერიალური ზარალი მიაყენეს, რომელსაც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს ”, - განაცხადა ლომაიამ.
”ჩვენთვისაც არ იყო სასიამოვნო ასეთი ფორმის გამოყენება, რომელიც ტელეკომპანიის მიმართ იქნა გამოყენებული, თუმცა, ჩვენ ავუხსენით News Corp-ს, რომ არსებულ ვითარებაში ეს ერთადერთი ფორმა იყო, რათა თავიდან აგვეცილებინა ანტიკონსტიტუციური გზით ხელისუფელბის ჩამოგდების პირდაპირი მოწოდებები”, - დასძინა ალექსანდრე ლომაიამ.
”როგორც თვითონ კორპორაცია News Corp-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ პომპადურმა განაცხადა, ეს დოკუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მან თვითონ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს უფრო სრულფასოვან დოკუმენტებზე მუშაობა, სადაც "იმედის" და "News Corp"-ის ყველა ვალდებულება და უფლება იქნება აღწერილი და ყველაფერი გამჭვირვალე და გასაგები იქნება", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მისი თქმით, ”როგორც კი ”იმედის” მართვის კორპორაცია News Corp-ისთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტის შესაბამისის პროექტი იქნება მომზადებული, იგი შესათანხმებლად აუცილებლად იქნება მიმართული საქართველოს მთავრობისადმი”.
ლომაიას განცხადებით, ”დღეს ”იმედის” მართვის სქემა ძალიან ბუნდოვანია, და ეს მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევაა, ასევე ბუნდოვანია ტელეარხის დაფინანსების სტრუქტურა".
”News Corp-ისთვის, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მედია-კომპანიაა მსოფლიოში, არასერიოზულია ვალდებულების არსებობა 3500 დოლარის ოდენობით. ასევე გაურკვეველია, როგორ არის დღეს გადანაწილებული კომპანიის აქციათა წილები”, - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.
”იმედთან” შეთანხმების მიღწევა ნიშნავს ერთს - მთავრობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ტელეკომპანიის მართვის უფლების გადაცემის შესახებ დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობას შეესაბამება. მიუღებელია, რომ ”იმედის” ჟურნალისტები ხელფასს ღებულობდნენ არა როგორც ჟურნალისტები, არამედ რომელიღაც კომპანიის პიარ-მენეჯერები. ეს მიუღებელია ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით, ასევე კანონის დარღვევაა. მაგამ ეს ”იმედში” ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო”, - განაცხადა ლომაიამ.--0--
| 18:21 03/12/2007 | საქართველოს ხელმძღვანელობამ ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის აღდგენის თხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა - ბურჯანაძე |
|
|||||||||