00:02 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 27 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, მელსიდა აკოფიანი/. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ საქართველო სერგეი ჩაბანს დსთ-ის სამშვიდობო ძალების სარდლად არ ცნობს და მისი ამ სტატუსით განხილვა ყოვლად დაუშვებელია. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სამშაბათს სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოსთვის” გამოგზავნილ განცხადებაში. ”კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ასტანაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდუკოვის გამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დსთ-ის თავდაცვის მინისტრთა საბჭო არ არის დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლისათვის მანდატის მინიჭების უფლებამოსილი ორგანო”, - აღნიშნულია განცხადებაში. ”დსთ-ის სამშვიდობო ძალების სარდლის უფლებამოსილების საკითხის განხილვა დსთ-ის მეთაურთა საბჭოს პრეროგატივაა. დსთ-ის მეთაურთა საბჭომ უკვე მესამედ არ გაუგრძელა ვადა სერგეი ჩაბანს, აღნიშნულ პოსტზე. უფრო მეტიც, 30 ოქტომბრის განმუხურის ინცინდენტის შემდგომ სერგეი ჩაბანი გამოცხადებულია არასასურველ პერსონად საქართველოში, ამდენად ის დსთ-ის სამშვიდობო ძალების სარდლის ფუნქციებს ვერ განახორციელებს” - ნათქვამია დოკუმენტში. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დსთ-ის თავდაცვის მინისტრების საბჭოს გადაწყვეტილებას სერგეი ჩაბანის მიმართ არ აქვს იურიდიული ძალა, ამდენად ანატოლი სერდუკოვის განცხადება არაკორექტულია და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ დსთ-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში კოლექტიური ძალების სარდალს სერგეი ჩაბანს მანდატი გაუგრძელა. ”მშვიდობისმყოფელები ეფექტურად მსახურობენ და დაკისრებულ ამოცანებს ნორმალურად უმკლავდებიან. ჩვენ მას მანდატი გავუგრძელეთ, თუმცა უახლოეს დროში ახალი კანდიდატურის ძებნა მოგვიწევს”, - განაცხადა სერდიუკოვმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ის კოლექტიური ძალების სარდალი სერგეი ჩაბანი ”არასასურველ პერსონად” გამოაცხადა და მისი ”დაუყოვნებლივ გაწვევა” მოითხოვა. --0-- |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||