Rambler's Top100
RIA Novosti

საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ პლებისციტის შედეგები ყურადღებით განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ - კუბიში

27/11/2007 16:09

თბილისი, 27 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ პლებისციტის შედეგები ყურადღებით განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტის თავმჯდომარემ იან კუბიშმა (Ján Kubiš) 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”პლებისციტის შედეგები ყურადღებით განიხილება, განსაკუთრებით ბუქარესტის სამიტის მომზადებისას”, - განაცხადა კუბიშმა და აღნიშნა, რომ ”რა თქმა უნდა, პლებისციტის შედეგები აისახება საქართველოსა და ნატოს შემდგომ თანამშრომლობაზე”.

”მოხარული ვარ, რომ საქართველო ცვლის პოლიტიკას და სურს თანამშრომლობის გაგრძელება ინტენსიური დიალოგის ფარგლებში, სურს ნატოში შესვლა. საქართველო უნდა მოემზადოს ბუქარესტის ნატოს სამიტისთვის. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვიმუშავებთ, რომ ამ სამიტისთვის წარმოდგენილი იქნას სწორი მესიჯები”, - აღნიშნა კუბიშმა.

იან კუბიშმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს თავის პარტნიორად განიხილავს. ”ჩვენ ვართ ნატოსა და ევროკავშირის წევრები, ჩვენ მოხარულები ვიქნებით მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მას პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ არა მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, არამედ ბევრ სხვა საკითხებშიც, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაში და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში”, - აღნიშნა კუბიშმა.

მან ასევე აღნიშნა , რომ სლოვაკეთი მხარს უჭრს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებულია კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში. --0--