19:35
рус | geo
 
10/03/2010
Rambler's Top100

რთული წარმოსადგენია, რომ საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ ვალდებულებას რუსეთი არ შეასრულებს - პოლიტოლოგი

21:42 | 19/ 08/ 2008

თბილისი, 19 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. რთული წარმოსადგენია, რომ რუსეთი არ შეასრულებს საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ ვალდებულებას, - მიიჩნევს პოლიტოლოგი, რუსეთსა და ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე.

”ამჟამად ვითარება, რა თქმა უნდა ურთულესია, ეხლა მთავარია, რომ რუსულმა მხარემ ამ ექვსპუნქტიანი  შეთანხმების შესრულება დაიწყოს. ამას ელოდება ჩვენი მოსახლეობა, ამას ელოდება ევროპა, ამას ელოდება მთელი მსოფლიო, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ამ ფონზე რუსეთი არ შეასრულებს ვალდებულებებს”, - განაცხადა აბაშიძემ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან საუბარში.

აბაშიძის აზრით, მოსკოვს, შესაბამისი დადგენის შემთხვევაში, შეეძლო გამოეძებნა მიზეზები და პირობები, რათა თავიდან აეცილებინა შეთანხმების ხელმოწერა.

”ისინი გამოძებნიდნენ ათას მიზეზს, წამოაყენებდნენ სხვადასხვა პირობებს... ეს ოსტატობა მათ გააჩნიათ. მაგრამ, რადგან მოაწერეს ხელი - შედეგს უკვე მთელი მსოფლიო ელოდება. ამიტომ, მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანა - უახლოესი მომავლის, უახლოესი დღეების საქმეა, ვფიქრობ, ეს პროცესი დაიწყება”, - განაცხადა აბაშიძემ.

ქართულ საზოგადოებაში არსებული სიტუაციის შესახებ საუბრისას, აბაშიძემ აღნიშნა, რომ კამათი და უთანხმოება დროებით გვერდზე უნდა გადაიდოს.

”ეხლა ერთმანეთთან ქიშპობისა და კრიტიკის დრო არ არის. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, როდესაც ის (რუსული ჯარი) გავა აქედან და ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, დადგება უფრო მწვავე კრიტრიკის დროც და ჩვენ გავაანალიზებთ, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი , რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. მაგრამ, ეხლა ამის დრო არ არის. ამჟამად, მთავარია, რომ ქვეყანაში აღდგეს ნორმალური ცხოვრება”, - აღნიშნა აბაშიძემ.

როგორც ნატოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, აბაშიძემ მაღალი შეფასება მისცა ნატოს მინისტერიალზე ქვეყანაში არსებული სიტუაციის განხილვის შედეგებს.

”ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნატოსთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკაში ყოველთვის იყო მცდელობები, განხეთქილება შეეტანა აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში. ევროპულ ქვეყნებს - რუსეთთან სხვადასხვაგვარი ურთიერთობა გააჩნიათ, ვიღაცას კარგი, ვიღაცას ნაკლებად კარგი, ზოგიერთი ქვეყანა მასზე ენერგეტიკულად არის დამოკიდებული. მოსკოვში ვარაუდობდნენ, რომ ჩვენს შემთხვევაში ნატოს ქვეყნებს შორის ერთსულოვნება არ იქნებოდა... თუმცა, არასწორად ვარაუდობდნენ ”, - აღნიშნა აბაშიძემ.

მან აღნიშნა, რომ მინისტერიალმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ”ნატოს ყველა ქვეყანა ერთსულოვნად აფასებს ბოლო მოვლენებს და საქართველოს მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის დემონსტრირებას ახდენენ”.

ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩის აზრით, ”უფრო დიდ მხარდაჭერაზე საქართველო ვერც იფიქრებდა, მაშინ როდესაც ის არ არის ალიანსის წევრი”.
 
”საქართველო - ნატოს წევრი არ არის, ამიტომ ვაშინგტონის შეთანხმების ცნობილი მე-5 პუნქტი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას ვარაუდობს, საქართველოზე არ ვრცელდება. თუმცა, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს - ძალიან ძლიერია, რაც თანამედროვე მსოფლიოში არა ნაკლებად მნიშვნელოვანია”, - მიიჩნევს აბაშიძე.

მან აღნიშნა, რომ ”საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის ყოფნის ყოველი დღე რუსეთს სერიოზულ პოლიტიკურ ზარალს აყენებს”.

აბაშიძემ თავი შეიკავა პასუხისგან კითხვზე, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ რუსეთი არ გაიყვანს ჯარს და რას მოიმოქმედებს ნატო ასეთ შემთხვევაში.

”მე მაინც დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ რუსული ჯარის გაყვანა უახლოეს დროში დაიწყება”, - აღნიშნა მან. –0--

***

ზურაბ აბაშიძე

დაიბადა 1951 წლის 11 ივლისს თბილისში.

უმაღლესი განათლება მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნვერსიტეტში (1968-1973); პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი პუბლიკაციის, აგრეთვე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ლექციების სპეციალური კურსის (თსუ) ავტორი.

1974-1978 წწ. - მუშაობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნად.
1978-1980 წწ. - ბომბეიში, ინდოეთი, საბჭოთა გენერალური საკონსულოს ატაშე.
1980-1982 წწ. - ხელმძღვანლობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტს.
1982-1984 წწ. - საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
1984-1988 წწ. - ესპანეთში საბჭოთა საელჩოს კონსული.
1988-1993 წწ. - საერთაშორისო კავშირების ქართული საზოგადოების თავმჯდომარე.
1993-1998 წწ. - ევროკავშირში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.
1993-2000 წწ. - საქართველოს ელჩი ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში.
1994-2000 წწ. - ნატოში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.
2000 წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2000-2004 წწ. - საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში.
2004-2005 წწ. - სააქციო საზოგადოება ”სისტემას” რეგიონული წარმომადგენელი.
2006 წლიდან დღემდე არის ”ქართული ენციკლოპედიის” მთავარი რედაქტორი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გამგეობის  წევრი. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება