21:48
рус | geo
 
11/03/2010
Rambler's Top100

საქართველო - ნატო: ინტენსიური დიალოგის დრო - ინტერვიუ

18:15 | 04/ 03/ 2008

თბილისი, 4 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემა ბუქარესტის სამიტის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმ ქვეყნების ფართო კოალიციის შექმნის ძალისხმევას იჩენს, რომლებიც საქართველოს ნატოში მისწრაფებას და ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე მის გადასვლას უჭერს მხარს. 

საქართველო-ნატოს ურთიერთობების მდგომარეობის, შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.

რამდენად რეალურია საქართველოს შანსი ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე - MAP-ის წევრობის გეგმაზე გადასვლაზე?

- ამჟამად ძნელია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება. ყველაფერი რაც საქართველოზე იყო დამოკიდებული ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ ყველა ”საშინაო დავალება” შევასრულეთ. პრაქტიკულად, ვაკმაყოფილებთ ყველა სტანდარტებს.

MAP-ზე გადასასვლელად აუცილებელია მეორე პირობა - პოლიტიკური კონსენსუსი ნატოს წევრ-ქვეყნებს შორის. ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, ხშირად ის სხვადასხვა დეტალებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ერთ-ერთ ძირითად საკითხს ამ შემთხვევაში, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში არის ნატოსა და რუსეთის ურთიერთობები და ნატოს წევრი-ქვეყნების ზოგიერთი სახელმწიფოები ჯერ კიდევ ფიქრობენ. რუსეთის ფაქტორი აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სწორედ ბუქარესტის სამიტი წარმოადგენს იმ მოვლენას, სადაც ნატოს ქვეყნების გადაწყვეტილება უნდა გამოაშკარავდეს სწორედ რომ რუსეთთან მათი ურთიერთობის კონტექსტში.

იანვრის ბოლოს საქართველოში ნატოს შემფასებელთა მისია იმყოფებოდა. რა სტადიაში იმყოფება მისიის ანგარიშის მომზადება ქვეყნის ნატოს სტანდარტების შესაბამისობის მხრივ?

- ანგარიში უკვე მზად არის, იგი გასაცნობად დაეგზავნა ალიანსის წევრ-სახელმწიფოებს. შემფასებელთა მისიის მუშაობის შედეგებისას გამოვლენილი რეკომენდაციები ქართულ მხარეს გადმოეგზავნება. ამის შემდეგ შეთანხმდება განხილვის ფორმატი ”26+1”, ანუ ნატოს წევრი 26 სახელმწიფო და საქართველო. ვფიქრობ, რომ განხილვა შეიძლება მოხდეს მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში.

რამდენად შეესაბამება ნატოში ინტეგრაციის შესახებ საქართველოს გეგმები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას? 

- ვფიქრობ, აბსოლუტურად, უპრობლემოდ შეესაბამება. უკანასკნელი წლების განმავლობაში მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, როგორ დინამიურად ვითარდება რუსეთის ურთიერთობები ნატოს წევრ-ქვეყნებთან. მაგალითად, რუსეთსა და გერმანიის, რუსეთსა და საფრანგეთს, საბერძნეთს, თურქეთს, ბოლო დროს - ბულგარეთს შორის. ყველგან საუბარია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. თუ ამ ქვეყნებს შეუძლიათ იყვნენ ნატოს წევრები და, ამავდროულად კარგი ურთიერთობა ქონდეთ რუსეთთან, გაუგებარია, რატომ არ შეუძლია საქართველოს იყოს ნატოს წევრი და ასევე გააგრძელოს ურთიერთობები რუსეთთან?

რუსეთის შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განლაგების შესაძლებლობა იწვევს. რამდენად საფუძვლიანია რუსეთის ასეთი პოზიცია?

- ჩვენ გვესმის რუსეთის შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული და სერიოზული საკითხია, რომელიც ნამდვილად უნდა აღელვებდეს რუსეთს. და ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სერიოზულად მივუდგეთ რუსეთის ამ შეშფოთებას და ამ საკითხის კომპლექსურად, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში გადაწყვეტა გვსურს.

ჩვენ არ გვსურს რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობა გამოვიწვიოთ და რამე ისეთი გავაკეთოდ, რაც თბილისის  წინააღმდეგ რაიმე ქმედებებზე მოსკოვის პროვოცირებას მოახდენს. დღეს, რუსეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის მხარდაჭერით, ასეთ ქმედებებს ახორციელებს.

მე ვფიქრობ, რომ საქართველო და რუსეთს შეუძლიათ და უნდა მოილაპარაკონ კიდევაც ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ”პაკეტშია” ნათქვამი და ჩამოაყალიბონ ერთიანი ხედვა იმისა, თუ როგორ შეუძლია თანამშრომლობას კონკურენციისა და დაპირისპირების შეცვლა.

ჩვენ მზად ვართ სერიოზულად განვიხილოთ ეს საკითხები. შეთანხმებები საჭიროა და შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთკომპრომისის გზით. და ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ.

რა სტადიაში იმყოფება საქართველოს ნატოს სარადარო სისტემაში ჩართვის საკითხი?

- ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ სერიოზული მომზადება ჩავატარეთ, შევიძინეთ მაღალი ხარისხის თანამედროვე აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს და საჰაერო სივრცის დაცვას. ჯერჯერობით ნატოს საერთო სარადარო სისტემაში ჩვენ არ ვართ პირდაპირ ჩართულები, თუმცა, უკვე მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა საჰაერო სივრცის უსაფრთხოების საკითხებზე, ამ მიმართულებით თანამშრომლობა გრძელდება. 

მე ვფიქრობ, რომ ამგვარი თანამშრომლობა არავის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვსაუბრობთ კონტროლისა და საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.

გეგმავს თუ არა საქართველო ნატოს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას?

- ჩვენ ჯერჯრობით არ ვართ ნატოს წევრები, თუმცა, აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას როგორც სწავლებებში, ისე სამშვიდობო ოპერაციებში. ამჟამად, ჩვენი შეიარაღებული ძალების დაახლოებით ათი პროცენტი ამ ოპერაციებში მონაწილეობს.

უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ქვედანაყოფები კოსოვოში იმყოფება, სადაც 180 ჩვენი ოფიცერი და ჯარისკაცი მსახურობს. ჩვენი წარმომადგენელი, სამოქალაქო პირი, ექიმი იმყოფება ავღანეთში სადაც ლიტვის კონტინგენტის შემადგენლობაში ნატოს ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს როგორც ნიდერლანდებთან ისე ფრანგებთან იმისათვის, რომ ამ ქვეყნების კონტინგენტის შემადგენლობაში ერთი ქართული ასეული იქნას ჩართული. პარალელურად, ვაწარმოებთ კონსულტაციებს აშშ-სთან, ჩვენი სპეციალური დანიშნულების რაზმის ავღანეთის სამხრეთში ოპერაციებში ჩართვის შესახებ.

ერაყში, სადაც ნატოს ქვეყნები კოალიციის წევრები არიან, საქართველოს საერთო რიცხოვნების სიდიდით მესამე კონტინგენტი ჰყავს - 2000 სამხედრო მოსამსახურე.

ნატოს ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ ქართველი სამხედროების მონაწილეობას ყველა ამ ოპერაციაში, ისინი აღნიშნავენ მათ კარგ მომზადებას, დისციპლინას, ორგანიზებულობას. საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მაღალ სტანდარტებს შეესაბამება.

გეგმავს თუ არა საქართველო სამშვიდობო ოპერაციებში ჩართული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდას?

- რაც შეეხება ერაყსა და კოსოვოს, აქ კონტინგენტის გაზრდა არ იგეგმება. პირიქით, ჩვენ, განსაზღვრული დროის შემდეგ, ერაყიდან სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანას ვფიქრობთ. სავარაუდოდ, ეს შეიძლება ზაფხულში მოხდეს, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელებთან მოლაპარაკებები გრძელდება. საუბარია ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლო გაფართოებაზე, მოლაპარაკებები ნიდერლანდებთან, საფრანგეთთან და აშშ-სთან მიმდინარეობს.

საქართველო უნდა იყოს უსაფრთხოების საერთო სისტემის ნაწილი და მის ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. უდაოა, რომ ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ნატომ საქართველოს უსაფრთხოების გამტკიცებაში საკუთარი როლი ითამაშოს.

რა ვიზიტები იგეგმება უახლოეს დროში ნატოსა და ევროკავშირის ხაზით?

- დაგეგმილია ვიზიტები ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინებში პრეზიდენტის, პრემიერის, მთავრობის წევრების დონეზე. ამავდროულად, მზადდება სხვადასხვა დონეებზე  ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა ვიზიტები საქართველოში.

ნატოსთან და ევროკავშირთან საქართველოს კავშირი ინტენსიურია, მისი ხარისხი და დონე ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის გეგმაში მნიშვნელოვანია აპრილში, ბუქარესტის სამიტი, სადაც ქვეყანა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

სამიტის წინ ჩვენ საქართველოში ნატოს ქვეყნების ელჩების ვიზიტს ველით. –0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება