19:29 |
рус | geo | |
| 10/03/2010 | ||
თბილისი, 26 ივლისი /»ახალი ამბები - საქართველო», ნაზი ჟორჟოლიანი/. ინტერნეტს სავსებით შეიძლება ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი ეწოდოს, რადგან იგი ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ამაღლებას და ახალი ბაზრებისა და აუდიტორიების ათვისებას. ინტერნეტის განვითარების ხარისხი ასახავს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების დონეს. უკვე მიღებულია, რომ ასეთ საზოგადოებას ინფორმაციული დაერქვას. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში ინტერნეტის განვითარებას დიდი ხნის მანძილზე აფერხებდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყანას კავკასიის რეგიონის IT ლიდერად გახდომის საკმაოდ მაღალი შანსი აქვს. ქვეყანაში ელექტრონული ფოსტით სარგებლობის შესაძლებლობა 1991 წელს გაჩნდა. 1992 წლის დეკემბერში კი ეროვნული დომენის .ge რეგისტრაცია მოხდა. „მსოფლიო ქსელთან“ მუდმივი IP-მიერთება 1995 წელს განხორციელდა. თუმცა, ინტერნეტი დიდი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად არ ვითარდებოდა. თანდათანობით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა და დღეს, ექსპერტების შეფასებით, საქართველოში დაახლოებით 330 ათასამდე აქტიურ მომხმარებელს ითვლიან, რომლებიც ქსელში ბინიდან ან ოფისიდან შედიან. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე წლინახევრის წინ. მომხმარებელთა უმრავლესობა თავმოყრილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, სამტრედიაში. ინტერნეტ-მომსახურება, ძირითადად, მსხვილი ქალაქების მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი, სოფლებში ინტერნეტი დღემდე უცხო ხილად რჩება. ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ინტერნეტის მომხმარებელი კიდევ დაახლოებით 230 ათასი ადამიანი შეიძლება გახდეს, გვითხრეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტში. ინტერნეტის განვითარებაზე სასიკეთოდ მოქმედებს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. სასკოლო განათლების კომპიუტერიზაციის ქართული პროგრამა «ირმის ნახტომი» 2005-2009 წლებზეა გათვლილი და ესტონური «ვეფხვის ნახტომის» პროგრამის მოდელის მიხედვით ხორციელდება. «ირმის ნახტომის» პროგრამის ფარგლებში ქვეყნის 660 სკოლა უკვე აღჭურვილია 7350 კომპიუტერით, გადამზადება გაიარა 3200-მა პედაგოგმა. ევროპის ყველაზე მაღალმთიან სოფლად წოდებული სვანეთში მდებარე უშგულის სკოლაც კი კომპიუტერებით არის აღჭურვილი. 2007 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ყველა სკოლის მიერთება ერთიან საგანმანათლებლო ინტერნეტ-ქსელთან. ამასთან, ყველა მოსწავლე და პედაგოგთა დაახლოებით 70 პროცენტი კომპიუტერის გამოყენების ძირითად ჩვევებს შეიძენს. «იმისათვის, რომ აბონენტების რაოდენობა გაიზარდოს, ადამიანებს კომპიუტერის გამოყენება უნდა ასწავლო. ამ პრობლემის მოგვარება, ნაწილობრივ, სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამის საშუალებით ხდება. მაგრამ ყურადღების მიღმა რჩებიან საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები. ალბათ მიზანშეწონილია ინტერნეტით დაინტერესებული ხალხისთვის ან „მსოფლიო ქსელთან“ მიერთების მსურველთათვის უფასო ინტერნეტ-ტრენინგების დაფინანსება», - აცხადებს კომპანია ITDC-ს წამყვანი სპეციალისტი და მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გიორგი გარსევანიშვილი. მომხმარებლის სოციალურ პორტრეტს რაც შეეხება, ამ სფეროში სერიოზული კვლევები არ ჩატარებულა. თუ ქართულ საიტებზე შესვლის აქტიურობის გრაფიკს ვნახავთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველი მომხმარებლების უმრავლესობას შეადგენენ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებიც ინტერნეტთან მჭიდროდ დაკავშირებულ საკმაოდ პრესტიჟულ სამსახურებში მუშაობენ. მომხმარებელთა ძირითადი მასა ინტერნეტში სამუშაო დროის განმავლობაში შედის. ამავდროულად თანდათანობით მატულობს იმ აბონენტთა რაოდენობა, რომლებიც ინტერნეტში სახლიდან საღამოს ან გვიან ღამით შედიან. ქსელთან დაკავშირება ტრადიციული Dial up-ი თანდათანობით წარსულს ბარდება. მომხმარებელი უფრო მომთხოვნი და გარკვეული გახდა. ქართველი მომხმარებლისთვის ქსელში ჩართვის მექანიზმებიდან ყველაზე უფრო მოხერხებული და სწრაფი „გამოყოფილი ხაზი“, ჯერჯერობით, ძალიან ძვირია. ქსელში ჩართვის ყველაზე უფრო გავრცელებული ტექნოლოგია ADSL-ი ხდება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მონაცემებით, ინტერნეტში შესასვლელად ADSL ტექნოლოგიას დაახლოებით 35 ათასი მომხმარებელი იყენებს. ამასთან, მოთხოვნა ჩართვაზე კვლავ საკმაოდ დიდია. «ახალი ამბები - საქართველოს» კორესპონდენტს კომპანია Caucasus Onlain-ში აცნობეს, რომ აბონენტებს ხშირად ლოდინი უწევთ, რადგან ქსელში ჩართვაზე რიგი დგას. ინდივიდუალური აბონენტებისთვის ADSL სისტემით ქსელში ჩართვაზე ფასები 45 ლარიდან 70 ლარამდე დიაპაზონში მერყეობს. ამასთან, ფიქსირებული არ არის ჩართვის სიჩქარე: წუთში 56 კბ-დან 1 მბ-მდე. სიჩქარეში ასეთი სხვაობა იმით აიხსნება, რომ დღემდე ვერ გადაილახა ის სიძნელეები, რომლებიც უცხოურ ინტერნეტ-რესურსებთან ქართველი აბონენტების მიერთებისას ჩნდება. უფრო სწრაფია ლოკალური ჩართვები, ანუ ჩართვები საქართველოს საზღვრებში. ერთი მხრივ ADSL ტექნოლოგიის გავრცელება და მასზე საშუალო ფასი - უდიდესი მიღწევაა იმასთან შედარებით, რაც რამდენიმე წლის წინ იყო. მეორე მხრივ, მაგალითად, ბალტიისპირეთში იმავე თანხით მომხმარებლები ბევრად უფრო ხარისხიან და სწრაფ ინტერნეტ-კავშირს იღებენ. ამ მხრივ საქართველოს ინტერნეტი ჯერ კიდევ განვითარებას მოითხოვს. ამ ეტაპზე ფასების შემცირება შეუძლებელია, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული - საქართველოში ძალიან ცოტა მაგისტრალური არხი გადის. ქართული აბლაბუდა საქართველოში ყველაზე უფრო პოპულარული საიტები მეკობრული პორტალებია, საიდანაც უფასოდ შეიძლება მუსიკისა და ფილმების გადმოქაჩვა. მათ მოსდევს ტელეარხების საიტები, რომლებიც გადაცემების პირდაპირ ეთერში ნახვის შესაძლებლობას იძლევა - ასეთი საიტების მომხმარებელთა უმრავლესობა ქართველი ემიგრანტები არიან. მესამე ადგილზეა საიტები, სადაც ქვეყნდება განცხადებები შრომითი მოწყობის შესახებ. უფასო სერვისებიდან უნდა აღინიშნოს საფოსტო სისტემების სიმრავლე: www.posta.ge, www.wanex.ge, www.mail.ge. ლიტერატურულ პორტალებს შორის ლიდერობს www.lit.ge, რომელიც არა მარტო ქართული ლიტერატურის ნაწარმოებების დიდ ბაზას შეიცავს, არამედ სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების ორგანიზებასაც ახდენს. ქართული ვებ-ის მთავარ პრობლემას კონტენტ-შემცველი საიტების დეფიციტი წარმოადგენს. «რუსეთში, მაგალითად, შეიძლება იპოვო რომელიმე ერთი ჯიშის ძაღლის მოყვარულთა საიტი. ქართულ ინტერნეტში ასეთი ფუფუნება არ არის. ჩნდება ძალზე ბევრი ტურისტული ინფორმაციის შემცველი საიტი უცხოელებისთვის, ანუ ვითარდება ის საიტები, რომლებიც გამიზნულია მოგების მისაღებად. საქართველოში ჯერ აქამდე არ მისულან. თანაც ქართულ ვებ-ში არ არის განვითარებული ვებ-მარკეტინგი. რეკლამის დამკვეთები ინტერნეტზე ორიენტირებული ჯერ არ არიან, ერთი მხრივ მომხმარებელთა მცირე რაოდენობის გამო, მეორე მხრივ ისინი ინტერნეტის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ აფასებენ. თქვენ „რუსთავი 2“-ს საიტზეც კი მხოლოდ შიდა რეკლამას ნახავთ. მთელ მსოფლიოში ინტერნეტსა და რეკლამას მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. რეკლამიდან ფულის შესვლის ხარჯზე ვითარდება ინტერნეტ-მასმედია, კერძო საიტები და გასართობი პორტალები. ენთუზიაზმზე ერთეულები მუშაობენ», - ამბობს Caucasus Onlain-ის წამყვანი IT-სპეციალისტი თეიმურაზ ხაინდრავა. საქართველოს ყველაზე უფრო პოპულარულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უკვე საკუთარი რეგულარულად განახლებადი საიტები აქვთ. მრავალმა სახელმწიფო დაწესებულებამ აქტიურად დაიწყო მსოფლიო აბლაბუდის გამოყენება საინფორმაციო მასალების განთავსების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს ინტერნეტში საკუთარი რეგულარულად განახლებადი საინფორმაციო გვერდები აქვთ. სულ ახლახანს ქართულ ვებ-ზე გაჩნდა თბილისის მერიის ახალი საიტი www.tbilisi.gov.ge. ამ პორტალის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს თბილისის ინტერაქტიული რუკა, რომელზეც ქალაქის ყველაზე პატარა ქუჩების პოვნაც კი შეიძლება. საქართველოში საიტების გაუმჯობესების სტიმულირება კონკურსების ჩატარებას შეუძლია. საქართველოს ინტერნეტ-საიტების ყოველწლიურ კონკურსს ჟურნალ Navigator-თან ერთობლივად ატარებს კომპანია ITDC. «კონკურსის მიზანი საქართველოს საუკეთესო მედია-გვერდების გამოვლენა და ქვეყანაში ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობაა», - ამბობს კომპანია ITDC-ს სპეციალისტი და მისი ერთ-ერთი დამაარსებელი გიორგი გარსევანიშვილი. გამარჯვებულები ვლინდებიან ნომინაციებში: საუკეთესო მედია-საიტი, განათლება და კულტურა, საუკეთესო გასართობი და საკომუნიკაციო რესურსი, საუკეთესო სერვისი (ელექტრონული მაღაზია, აუქციონი და ა.შ.), საუკეთესო კორპორაციული საიტი, არასამთავრობო ორგანიზაციების საუკეთესო საიტი, საუკეთესო სამთავრობო საიტი, ყველაზე ინოვაციური პროექტი, საუკეთესო საბავშვო რესურსი. საძიებო მანქანა, როგორც ასეთი, ქართულ ინტერნეტში არ არსებობს. არის რამდენიმე კატალოგი, მაგრამ მათი გამოყენებისას შინაარსით საიტის მოძებნა შეუძლებელია, როგორც, მაგალითად, Google-ში. «თუ თქვენ რომელიმე კონკრეტული საკითხი გაინტერესებთ, დავუშვათ, «დმიტრი სანაკოევი სტრასბურგში», საეჭვოა, რომ ქართულ კატალოგებში რამე იპოვოთ, - ამბობს Caucasus Onlain-ის წამყვანი IT-სპეციალისტი თეიმურაზ ხაინდრავა. - ერთადერთი ალტერნატივაა Google.ge, რომელსაც ქართული საიტების ინდექსირება შესანიშნავად შეუძლია». ქართული საიტები ბოლო დროს უფრო ხშირად .ge ზონაში რეგისტრირდება, რადგან აქ ძალზე ბევრი თავისუფალი ადგილია. .com, .org და .net ზონებშიც ჩნდება საიტები ტიპიური ქართული სახელწოდებებით. პროვაიდერები და ადამიანები საქართველოში ინტერნეტის განვითარების ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა ისეთი ოჯახი, რომელიც მზად არის 45-70 ლარის გადასახდელად ინტერნეტში ჩართვისთვის. ამის გამო ეგრეთ წოდებული სამეზობლო ქსელები გაჩნდა. რამდენიმე მეზობელი ოჯახი ერთიანდება, ინტერნეტში ერთვება და გადასახდელ საერთო თანხას ერთმანეთში იყოფს. საშუალოდ თითოეულ ოჯახს 15-17 ლარის გადახდა უწევს. ეს დამოკიდებულია ჩართული მეზობლების რიცხვზე. პროვაიდერს ასეთი ხრიკები «ძვირი უჯდება»: აბონენტები თანხას იხდიან ერთ ჩართვაზე, საბოლოოდ კი გამოდის, რომ მომსახურებით მთელი ჯგუფი სარგებლობს. ინტერნეტ-პროვაიდინგის ქართული ბაზარი ბოლო წლებში ძალზე შეიცვალა. ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ მასზე აშკარად გამოკვეთილი ლიდერი არ იყო, დღეს კი სამი ინტერნეტ-პროვაიდერის - Caucasus Network-ის, Sanet-ის და Georgia online-ის გაერთიანების შემდეგ გაჩნდა ამ სფეროს რეალური მონოპოლისტი - Caucasus Online-ი. საქართველოში ამ პროვაიდერის მომსახურებით აბონენტთა დაახლოებით 95% სარგებლობს. Caucasus Online-ის სივრცეში განთავსებული ვებ-რესურსების წილი საქართველოს ინტერნეტ-საიტების საერთო რიცხვის დაახლოებით 90%-ს შეადგენს. ეს ამ კომპანიას სხვა პროვაიდერების წინაშე დიდ უპირატესობას აძლევს. ინტერნეტ-ომები სულ ახლახანს საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებლებმა ბაზრისთვის ბრძოლის შედეგები საკუთარ თავზე იწვნიეს. ამ დავაში „საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი“ და Caucasus Online-ი საკუთარ ინტერესებზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე მომხმარებლებზე. საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია TELECOM-მა 1 ივლისიდან ახალი ტარიფები დააწესა იმ სატელეფონო ხაზებზე, რომლებიც ADSL-ჩართვისთვის გამოიყენება. თბილისში ინტერნეტში ჩასართველად ყოველთვიური ტარიფი მაღალი სიჩქარის სატელეფონო კავშირის მოხმარებისთვის დამატებით 15 ლარი უნდა ყოფილიყო. Caucasus Online-მა უარი თქვა გადახდაზე და გამოდიოდა, რომ ეს 15 ლარი აბონენტებს უნდა გადაეხადათ. ეს კი მათ, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ. ამასობაში Caucasus Online-მა მის სივრცეში განთავსებული ვებ-რესურსებით სარგებლობის საშუალება არ მისცა გაერთიანებული ტელეკომის აბონენტებს. პრობლემა მხოლოდ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ჩარევის შემდეგ მოგვარდა. «ინტერნეტ-პროვაიდერების შეუთანხმებელი მოქმედება ინტერნეტის განვითარების კანონებს ეწინააღმდეგება», - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ბუთბაია. მისივე სიტყვებით, საქართველოში არსებობს ტექნიკური შესაძლებლობები ინტერნეტის ხარისხის ასამაღლებლად. «მაგრამ, ვინაიდან კონკურენცია გამალებით მცირდება, მონოპოლისტს, რომელიც კავშირის ძირითად სივრცეს აკონტროლებს, შეუძლია საერთაშორისო სივრცეში ჩართვის სიჩქარის შემცირება», - დაამატა გელა ბუთბაიამ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების საცალო და საბითუმო ბაზრის სეგმენტის ანალიზისა და კვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ეროვნული კომისიის ოფიციალურ ცნობაში, რომელიც მისსავე საიტზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ მოცემული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კომისიაში შემოსული Caucasus Online-ის კონკურენტი კომპანია-პროვაიდერების განცხადებები, რომლებშიც ლაპარაკია ამ კომპანიის მონოპოლური მდგომარეობის გამო საკუთარი შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების შესახებ. საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტში Caucasus Network-ის, Georgia Online-ისა და Sanet-ის ერთობლივი წილი 80%-ს აჭარბებს და მათი მხრიდან საკუთარი შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების საშიშროება არსებობს. განმცხადებელი კომპანია მოითხოვს, რომ კომისიამ გამოკვლევა ჩაატაროს და იმ პირს, რომელსაც მნიშვნელოვანი საბაზრო შესაძლებლობები აქვს, სპეციფიური ვალდებულებები დააკისროს. რაც შეეხება პროვაიდერული კომპანიების - «ახალი ქსელების», GTS-ის, Intercom-ისა და «ეგრისის» ერთობლივ განცხადებას, მასში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ შპს Caucasus Network-ი, შპს Georgia Online-ი და შპს Sanet-ი კონკურენტი კომპანიების მომხმარებლებს საიტების ბლოკირების გზით ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავენ. ამიტომ, განცხადების ავტორთა აზრით, კომისიამ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რათა Caucasus Network-ს, Georgia Online-ს და Sanet-ს, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო შესაძლებლობების მქონე კომპანიებს, სპეციფიური ვალდებულებები დაეკისროს. უახლოეს მომავალში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტში ჩატარდება ღია მოსმენა, რომელიც ქვეყანაში ინტერნეტის განვითარების პრობლემებსა და ბაზრის მონოპოლიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემების რეგულირებას მიეძღვნება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის მონაცემებით, ბოლო 6 წელიწადში იმ ოპერატორთა შემოსავალი, რომლებიც ინტერნეტ-მომსახურების ბაზრის სეგმენტში მოქმედებენ, 7-ჯერ გაიზარდა. 2000-2006 წლების პერიოდში ოპერატორი კომპანიების შემოსავალი 3,7 მილიონი ლარიდან 26,15 მილიონ ლარამდე გაიზარდა. წინა წელთან შედარებით 2006 წელს ამ შემოსავლების მოცულობის საერთო ზრდამ 32% შეადგინა. საქართველოში ინტერნეტი თანდათანობით შემოსავლიანი ბიზნესი ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავარი ინტერნეტ-ომები ჯერ კიდევ წინ არის. -0- ავტორის მოსაზრება შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას. |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||