01/06/2007 14:58
თბილისი, 1 ივნისი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც 2006 წელს, ნიუ-იორკში გამართულ სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე სუამის გენერალურ მდივნად აირჩიეს, პარასკევს, 1 ივნისს კიევში მიემართება, სადაც სუამის სამდივნოა განთავსებული.
”სუამის გენერალური მდივნის თანამდებობა ჩემთვის საპატიოა. ვიმედოვნებ, სუამის, როგორც სრულფასოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ორგანიზაცია მიმზიდველი გახდეს როგორც მონაწილე ქვეყნებისათვის, ისე მისი პარტნიორებისთვის”, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოსთვის” მიცემულ ინტერვიუში.
სუამის გენერალური მდივნის განცხადებით, მისი ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მოღვაწეობის დასაწყისი დიდ სამუშაოსთან იქნება დაკავშირებული.
”რთული სამუშაო პერიოდი გველის 19 ივნისამდე - ამ დღეს ბაქოში სუამის ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი. ამიტომ მე საორგანიზაციო სამუშაო - სუამის სამდივნოს ჩამოყალიბება, ასევე ორგანიზაციის პროგრამაზე და დოკუმენტაციაზე მუშაობა, შესაბამისი შეთანხმებების მომზადებასთან უნდა შევათავსო . ამიტომ, პირველი 2-3 კვირა ჩემთვის ძალზე რთული იქნება”, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
იმავდროულად სუამის გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინა, როგორც ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ასევე სუამის მომავალი თავმჯდომარე - აზერბაიჯანი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ პრეზიდენტთა სამიტი წარმატებით ჩატარდეს.
”ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ჩატარებულია ძალიან სერიოზული სამუშაო”, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა. ბაქოს სამიტზე რიგ დოკუმენტებზე ხელის მოწერა იგეგმება, განაცხადა მან. ”ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, შემიძლია განვაცხადო, რომ ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს” - აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
სუამის გენერალური მდივნის განცხადებით, ბაქოს სამიტის ფარგლებში ცალკეულ ფორმატში გაიმართება სუამის შეხვედრები აშშ-სთან და იაპონიასთან. ასევე გამორიცხული არ არის სხვა ქვეყნებთანაც შეხვედრა.
”ბაქოს სამიტისადმი ინტერესი ძალზე დიდია. სუამის სახელმწიფოს მეთაურთა გარდა,რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა სამიტზე ჩამოსვლის მზადყოფნა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბაქოს სამიტს პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტები, ასევე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან”, - აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა.--0--
|
|||||||||