19:47
рус | geo
 
10/03/2010
Rambler's Top100

რუსეთმა კავკასია წააგო - ალექსანდრ არხანგელსკი

14:35 | 21/ 02/ 2009

“ახალი ამბები - აზერბაიჯანის” ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ რუს ჟურნალისტთან, ტელეწამყვან ალექსანდრ არხანგელსკისთან

ბაქო, 21 თებერვალი /”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”/

- რამდენად ძლიერი გავლენა შეიძლება იქონიოს მსოფლიო კრიზისმა რუსეთის ეკონომიკაზე?

- კრიზისი, რა თქმა უნდა, გარედან მოვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთში ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მას ჩვენი ეკონომიკისთვის განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა მიეყენებინა. საქმე ის არის, რომ უკანასკნელი 7-8 წლის მანძილზე რუსეთს ზღაპრულად უმართლებდა და, როგორც ჩანს, უახლოეს ათწლეულში რუსეთს მსგავსად აღარ გაუმართლებს. როცა რუსეთში საბაზრო ელემენტები ამუშავდა, ნავთობსა და გაზზე ფასების ზრდა დაიწყო, რუსეთის მთავრობამ ხალხი დაამშვიდა,  მასებში რევოლუციური განწყობა ჩააცხრო. ეს კარგი იყო. მაგრამ ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაწყებული ეკონომიკური რეფორმები შეჩერდა. ერთი მხრივ ეს მოხერხებული იყო ხელისუფლებისთვის, მეორე მხრივ, საზოგადოებამ, რომელმაც მიიძინა, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოს, როგორც დათვმა. ეს კრიზისი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც რუსეთში არსებული ქვეყნის მართვის სისტემის კრახი, რადგან ქანჩები ბოლომდეა მოჭერილი და მისი კიდევ უფრო მოჭერა უკვე შეუძლებელია.

რაც უფრო დიდხანს ხდება ხელისუფლების სისტემის შენარჩუნება, მით უფრო სწრაფად ქრება იგი. ამიტომ მე ველოდები ცვლილებებს ქვეყნის მართვაში, რადგან ქვეყნის მართვა ისე, როგორც ეს ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ხდებოდა, უკვე შეუძლებელია. მოკლევადიან პერსპექტივაში კიდევ შეიძლებოდა დაცდა, დალოდება და ყველაფრის ძველებურად დატოვება. მაგრამ აღნიშნული კრიზისი ძალზე ხანგრძლივი იქნება, რაც სისტემურ ცვლილებების მანიშნებელია.

2009-2010 წლებში რუსეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდება. ჩემი აზრით, ხალხში გაგრძელდება დაძაბულობის ზრდა, რასაც ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების ქცევა, რომელიც არმიაში შემცირებებს ამზადებს, მაგრამ სპეცნაწილებში შემცირებების შესახებ არაფერს ამბობს. ანუ ისინი შესაძლო სახალხო მღელვარებისთვის ემზადებიან. მიუხედავად ამისა, ხალხი ქუჩებში გვიან შემოდგომამდე არ გამოვა, რადგან დაკავებული იქნება საკუთარი პრობლემებითა და საქმეებით: მოსავლის აღებით და ა.შ. 2010 წლის გაზაფხულზე კი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც კი ცხადი გახდება, რომ ეკონომიკაში რეალური აღმავლობა არ არის და მაშინ ჩინოვნიკებიც დაიწყებენ ფიქრს რუსეთის მომავლის შესახებ.

- თქვენს ლექციაში ამბობდით, რუსეთში ახლა რბილი ავტორიტარიზმია გამეფებულიო. შესაძლებელია, რომ იგი ტოტალიტარიზმში გადაიზარდოს კრიზისის მიმდინარეობისას?

- მადლობა ღმერთს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმის დამყარების დრო წავიდა. იყო მომენტი, როცა სასწორი შეიძლებოდა გადახრილიყო ტოტალიტარიზმისკენ. ეს იყო პერიოდი 2007-2008 წლების მიჯნაზე, როცა საუბარი იყო მესამე ვადით პუტინის პრეზიდენტად დარჩენის შესაძლებლობაზე, კონსტიტუციის შეცვლაზე. ტოტალიტარიზმისთვის საჭიროა ან მასების ენთუზიაზმი, ან დიდი ფული. მაგრამ რუსეთს ამჟამად არც ერთი აქვს და არც მეორე.

თუმცა, რუსეთში ტოტალიტარიზმის დამყარების შანსი მაინც რჩება. იგი შეიძლება დამყარდეს მაშინ, როცა ამჟამად მიძინებული ხალხთა მასები უცებ გაიღვიძებენ და მათ აზრად მოუვათ არა რაიმე დემოკრატიული, ნათელი, არამედ ნაჯახს, მკაცრ ხელს და ისეთ ბელადს მოითხოვენ, რომელსაც ქვეყნის გაძღოლის უნარი ექნება.

მაგრამ რუსეთში ყველაზე უფრო სავარაუდო  სიტუაციის განვითარების ორი ვარიანტი რჩება: ევოლუციური, რომელიც ითვალისწინებს რუსეთში დემოკრატიის თანდათანობით განვითარებას, როცა სახელმწიფო თვითონვე ნელ-ნელა დაიწყებს ქვეყანაში ხელისუფლების არსებული სისტემის დემონტაჟს. მეორეა - სტიქიური ამბოხის ვარიანტი, რომელიც დემოკრატიაზე გადასვლის ყველაზე ცუდი გზაა. რუსეთის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ამ ქვეყნის რეგიონები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში ცხოვრობენ. უფრო მეტიც, კრემლის დამოკიდებულება კადიროვთან ჩეჩნეთში, რომელიც ხელშეკრულების პრინციპებზეა აგებული, ცენტრალური ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს, რადგან ძლიერი ხელისუფლება მოლაპარაკებებს კი არ აწარმოებს, არამედ ძალას იყენებს. რეგიონებში სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა რეგიონების თავკაცების არჩევითობის აღდგენა, მათთვის მეტი ძალაუფლების მიცემა და, საბოლოო ჯამში, რეგიონების ქვეყნად გადაქცევა.

- შესაძლებელია, რომ დასავლეთმა რუსეთში არსებული კრიზისით ისარგებლოს და შეეცადოს მის საშინაო საქმეებში ჩარევას, და ”ნარინჯისფერი რევოლუციის” ან რაიმე სხვა გზით რუსეთი დემოკრატიული განვითარების გზაზე მოაქციოს?

- რუსეთი ძალზე დიდი ქვეყანაა იმისათვის, რომ დასავლეთმა აქ თავისი  მექანიზმების გამოყენება შეძლოს. ეს სქემები ჩვენთან, უბრალოდ, არ იმუშავებს. გარდა ამისა, ”ნარინჯისფერი რევოლუციები” ხდება არა იმიტომ, რომ მათ ვიღაცა უკვეთავს გარედან, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ხელისუფლება დალპა.

მოდით სიმართლე ვთქვათ, შევარდნაძის ხელისუფლება ჯერ დალპა და დასავლეთმა მერე, უბრალოდ, ხელი შეუწყო მის მოცილებას. უკრაინაში კუჩმამ თვითონვე გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ იგი გაეგდოთ. ყოფილ იუგოსლავიაში ასევე თვითონ მიიყვანა ქვეყანაში სიტუაცია უკიდურესობამდე მილოშევიჩის რეჟიმმა, რომელიც საზოგადოების მხოლოდ ნაციონალისტურ ფენებს ეყრდნობოდა და პროდასავლურად და მილოშევიჩის წინააღმდეგ განწყობილ უმრავლესობის აზრს არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება რუსეთში არსებულ რეჟიმს, იმედი მაქვს, რომ იგი ჯერ არ დამპალა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას ეყოფა ჭკუა იმისათვის, რომ საქმე რევოლუციამდე არ მიიყვანოს და ხელისუფლების სისტემის რეფორმირება თვითონვე დაიწყოს.

- როგორ აისახება ფინანსური კრიზისი დანარჩენ მსოფლიოზე?

- მიუხედავად მძლავრი კრიზისისა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, დემოკრატიული სისტემები მდგრადობას აჩვენებენ. ამის აშკარა დემონსტრირებას ახდენს აშშ, სადაც ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაზე არა მხოლოდ პრეზიდენტი ცალკე ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ზრუნავენ, არამედ კონგრესთან და სენატთან ერთობლივად. ამასთან, ყველა იმ ზარალის გათვალისწინებითაც კი, რომელიც მიადგება აშშ-ის ეკონომიკას, როგორც ყველაზე მძლავრ ეკონომიკას მსოფლიოში, აღნიშნული კრიზისის შედეგად მსოფლიოში აშშ-ის როლი, ტექნოლოგიური ლიდერის სახით, კიდევ მრავალი წლის მანძილზე შენარჩუნდება. რა თქმა უნდა, უკვე უახლოეს მომავალში შეერთებულმა შტატებმა მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობის მხრივ, შესაძლოა, ადგილი დაუთმოს ჩინეთს და ევროკავშირს, მაგრამ მის ტერიტორიაზე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ყველაზე მოწინავე დარგების თავმოყრის გამო ტექნოლოგიურ ლიდერობას შეინარჩუნებს.

მსოფლიოში შექმნილ სიტუაცისთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა შემიძლია - ბირთვული შეკავების გამო დიდი ომი არ იქნება, რადგან ნათელია, რომ ახალი დიდი ომი ატომური იქნება და მისი დაწყებით ყველა დაიღუპება. ამ კრიზისის დახასიათებისას ნათელი ხდება, რომ იგი ძალზე მასშტაბურია, გათანაბრებულია 1929-1933 წლების დიდ დეპრესიასთან. თუმცა, ამ წლების მანძილზე კაცობრიობამ ბევრი რამ ისწავლა. მან ისწავლა მუშაობა კრიტიკულ სიტუაციებთან, ვარდნებთან და ვფიქრობ, რომ იგი ამ ეკონომიკური ჩიხიდან  უფრო რბილად გამოვა, ვიდრე გასული საუკუნის 30-იან წლებში.

რაც შეეხება მცირე ომებს, ისინი სავსებით მოსალოდნელია, რადგან კრიზისი სახელისუფლებო ელიტების მიერ ქვეყნის ძველი ხერხებით მართვის უნარს ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს. ასეთ შემთხვევებში ნაკერებზე ირღვევა სახელმწიფოები, ძლიერდება სეპარატიზმი. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს  მსოფლიოში დიდი რაოდენობით თვითაღიარებული ქვეყნების გაჩენისა და მათი აღიარების მომსწრენი გავხდით.

ჩემი აზრით, მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა გადაწყვიტოს - იგი ერთა თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს თუ სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობას. იმიტომ რომ ერთის მეორესთან შეთავსება შეუძლებელია.

თუ ჩვენ ერთა თვითგამორკვევის უფლებას ვუჭერთ მხარს, მაშინ ერთხმად უნდა ვაღიაროთ ყველა ის ქვეყანა, რომლებმაც საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცახადეს და ამ საკითხს ვხურავთ. ან მტკიცედ უნდა დავიცვათ სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა.

ჩემი აზრით, სახელმწიფოსთვის უმჯობესია ისწრაფოდეს საკუთარი შენარჩუნებისკენ და შეეცადოს რაც შეიძლება დიდხანს არ აღიაროს სეპარატისტული წარმონაქმნები.

- როგორ შეაფასებდით რუსეთის ამჟამინდელ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან?

- ზედაპირულად ყველაფერი კარგადაა: სახელმწიფოთა მეთაურები ერთმანეთს ხვდებიან, კოცნიან. მაგრამ რეალურად ამის უკან არაფერი დგას. პრობლემა ის არის, რომ რუსეთმა ვერ შეძლო პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისეთ ლიდერად გახდომა, რომლის გარშემოც ისინი გაერთიანდებოდნენ. რეალობაში, ქვეყნების ნაწილს წაეჩხუბა, დაიწყო იმის გაყოფა, რაც შეიძლებოდა, რომ არ გაეყო. რა თქმა უნდა, არის ეროვნული ინტერესების საკითხებიც, მაგრამ ურთიერთდათმობებისა და პრეფერენციების გზით ყოველთვის შესაძლებელია მოლაპარაკება.

ამის გამო რუსეთი რეგიონული ლიდერის როლს „ვერ ქაჩავს“, რაც, სხვათა შორის, ცუდია, რადგან ლიდერის ყოფნა საჭიროა.

კავკასიას რაც შეხება, აქ რუსეთმა წააგო ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა, მათ შორის არჩევნები სომხეთში. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ისტორიულად რუსეთის მოკავშირეა, იქაც არის პრობლემები. იგი დაკავშირებულია ერევნის ხელისუფლებაში ახალი რეჟიმის მოსვლასთან, რომელმაც საკუთარ თავს ჩირქი მოსცხო მშვიდობიანი დემონსტრანტების სისხლის დაღვრის გამო.

აზერბაიჯანი რეგიონში გონიერ, დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. ამ ქვეყანასთან ჩვენ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. პოლიტიკური კუთხით დაახლოების მიზნით რაღაც ნაბიჯებიც კი გადაიდგა, როცა პუტინი ბაქოს ვიზიტით ეწვია და ჰეიდარ ალიევის საპასუხო ვიზიტიც იყო მოსკოვში და ა.შ. რაც შეეხება ახლანდელ შეხლა-შემოხლას გაზსადენის მარშრუტის გარშემო, ყველა ეს საკითხი მოგვარებადია. ამიტომ რუსეთი, უბრალოდ, ვალდებულია განავითაროს ურთიერთობები აზერბაიჯანთან.

რუსეთს სააკაშვილის დროს არანაირი ურთიერთობები არ ექნება საქართველოსთან და ამაში ორივე მხარეა დამნაშავე, რადგან საქართველო უარს არ იტყვის ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებაზე თავის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთი უკან არ წაიღებს მის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

ამასთან, სააკაშვილს და საქართველოს ერთმანეთთან არ ვათანაბრებ და ამიტომ  კრემლის ახლანდელი პოლიტიკა ოფიციალურ თბილისთან მიმართებაში მცდარად მიმაჩნია. კერძოდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ შეიძლებოდა.

- შესაძლებელია, რომ რუსული იარაღის სომხეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული სკანდალისა და „ნაბუკოს“ პროექტში აზერბაიჯანის შესაძლო მონაწილეობის გამო უახლოს დროში რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები გაფუჭდეს და რეგიონში ომის დაწყებამდეც კი მივიდეს საქმე?

- რუსეთს არ შეუძლია ომის გაჩაღება კავკასიაში. მას მხოლოდ შეუძლია არ შეუშალოს ხელი მის გაჩაღებას და განვითარებას. ვფიქრობ, რომ დღეისათვის რუსეთს საერთოდ არ აწყობს კონფლიქტები კავკასიაში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანს „ნაბუკოს“ პროექტთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში შეეძლო შეემუშავებინა გარკვეული პოლიტიკა ამ პროექტში მისი მონაწილეობის სახით. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქვეყნების ჩაბმა ერთობლივ პროექტებში, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაწყვეტა უფრო ძნელდება. იარაღის სკანდალს რაც შეეხება, არა მგონია, აზერბაიჯანს ამის გამო დიდი სადარდებელი ჰქონდეს. ეს ქვეყნის არაავტომატურად მართვის ხარვეზები უფროა, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობის მიზანმიმართულ პოლიტიკა. არ შეიძლება ისეთი დიდი ქვეყნის, როგორიც რუსეთია, ხელით მართვა. ასეთი ქვეყნების მართვა შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული ან ტოტალიტარული მეთოდებით. სხვა მეთოდები ხანგრძლივ პრაქტიკას ვერ გაუძლებს. -0-


რუბრიკის ყველა მასალა 


Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება