18/02/2009 18:25
ამერიკასა და მის პოტენციურ პარტნიორებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ კრიზისის მომენტი მომავლის რწმენად გარდაქმნან
ჰენრი კისინჯერი (Henry A. Kissinger)
თბილისი, 18 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”/. დღეს, როცა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უსერიოზულესი ფინანსური და საერთაშორისო კრიზისის პირობებში საკუთარი ვალდებულებების შესრულების დასაწყებად ემზადება, უაღრესად არალოგიკურად მოჩანს მტკიცება იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მოუწესრიგებელი ხასიათი თავისთავად ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას შემოქმედებითი დიპლომატიისათვის.
ასეთ შესაძლებლობაში მოჩვენებით წინააღმდეგობას აქვს ადგილი. ერთი მხრივ, ფინანსურმა კრიზისმა შეერთებული შტატების რეპუტაციას უძლიერესი დარტყმა მიაყენა. თუ ამერიკული შეფასებები პოლიტიკის სფეროში ხშირად წინააღმდეგობრივი აღმოჩნდებოდა ხოლმე, აშშ-ის რეკომენდაციები მსოფლიო ფინანსური წესრიგის სფეროში ყველასთვის მისაღები იყო. მაგრამ ახლა მთელ მსოფლიოში გავრცელდა იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართავს აშშ ამ წესრიგს.
ამავე დროს, უბედურების მასშტაბები დანარჩენ მსოფლიოს ამერიკული ბატონობისა და ამერიკული ჩავარდნების ზურგს უკან დამალვის უფლებას უკვე აღარ აძლევს.
თითოეულ ქვეყანას მოუწევს დაფიქრება იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა მან წარმოქმნილ კრიზისში. ახლა თითოეული მთელი ძალით დაიწყებს სწრაფვას იმისკენ, რომ მოიცილოს ის პირობები, რომლებმაც კრახამდე მიიყვანა. იმავდროულად თითოეულს მოუწევს სიმართლეს თვალებში ჩახედოს და აღიაროს, რომ კრიზისის პრობლემები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება გადაიჭრას.
ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც კი იძულებული გახდებიან შეამცირონ არსებული რესურსები. თითოეულ სახელმწიფოს მოუწევს გადახედოს თავის ეროვნულ პრიორიტეტებს. ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი პრიორიტეტების სისტემა შეიქმნება. მაგრამ თუ სხვადასხვა პრიორიტეტების შეთანხმება და შეჯერება ვერ მოხერხდება, მაშინ კატასტროფა მოხდება და ეს მსოფლიო წესრიგი ნაწილებად დაიშლება.
ახლანდელი მსოფლიო ფინანსური სისტემის კრახი დროში დაემთხვა მრავალრიცხოვან პოლიტიკურ კრიზისებს პლანეტის სხვადასხვა წერტილში. ადრე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ამდენი ცვლილება ერთდროულად არ ხდებოდა და კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებების წყალობით ისინი მაშინვე ყველასათვის ცნობილი ხდებოდა ხოლმე. ახალი საერთაშორისო წესრიგის ალტერნატივა ქაოსია.
ფინანსური და პოლიტიკური კრიზისები ერთმანეთთან მართლაც მჭიდროდ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩვენი სამყაროს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოწყობას შორის ბზარი ეკონომიკური აყვავების პერიოდში გაჩნდა.
ეკონომიკის სამყარო ”გლობალიზებული” გახდა. მისმა ინსტიტუტებმა ყველგან შეაღწიეს და იგი მოქმედებს, გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური ბაზარი თვითრეგულირებადი მექანიზმია.
ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ეს მხოლოდ მირაჟია. მან დარტყმების შერბილებისა და ტენდენციების შეცვლის უნარის მქონე გლობალური ინსტიტუტების არარსებობის დემონსტრირება მოახდინა. გარდუვალად იქმნება შემდეგი სიტუაცია: როცა კრიზისისგან დაზარალებული საზოგადოება ეროვნულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს მიმართავს, ისინი, უმთავრესად, შინაგანი მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ და არა მსოფლიო წესრიგის ინტერესებით.
თითოეული დიდი ქვეყანა ცდილობს, რომ მის წინაშე მდგარი პრობლემები ძირითადად დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და კოლექტიური მოქმედებები გადადოს შემდეგისთვის, როცა კრიზისის ზეწოლა შესუსტდება. ეგრეთ წოდებული ”სასწრაფო დახმარების” პაკეტები ჩნდება ცალობით, ცალ-ცალკე თითოეულ ქვეყანაში. და მთლიანობაში, ის შიდა კრედიტები, რომლებიც კრახის მიზეზი გახდა, მისი წყალობით, უბრალოდ, თითქოსდა ამოუწურავი სახელმწიფო კრედიტებით იცვლება. ეს კი, წარმოქმნილი პანიკის შეკავების გარდა, ჯერჯერობით არაფერს იძლევა.
საერთაშრისო წესრიგი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში არ დამყარდება მანამ, სანამ არ გაჩნდება საერთო წესები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყნები ორიენტირებას და საკუთარი გზების შეჯერებას შეძლებენ.
საბოლოო ჯამში, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ჰარმონიზაციის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ორი ხერხით: ან მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის მსგავსი მასშტაბის რეგულირების საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის შექმნით, ან ეკონომიკური ინსტიტუტების მართვის შემცირებით იმ ზომამდე, როცა მათ მართვას შეძლებენ არსებული პოლიტიკური სტრუქტურები, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს ახალ მერკანტილიზმამდე რეგიონულ დონეზე.
ყველაზე უკეთესი ვარიანტი ბრეტონ-ვუდის შეთანხმების მსგავსი ახალი გლობალური შეთანხმებაა და ასეთ წარმონაქმნში ამერიკის როლი განმსაზღვრელი იქნება. პარადოქსია, მაგრამ ამერიკული გავლენა იქნება უზარმაზარი, თუ მას ჩვენს მოკრძალებულ ქცევებს შევადარებთ. ჩვენ კორექტირება უნდა მოვახდინოთ იმ კეთილისმყოფელობისა და უმწიკვლოებისა, რომელიც დამახასიათბელი იყო ამერიკის პოზიციისა და მოქმედებისათვის ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ამ ეპოქალურმა მოვლენამ და თითქმის უწყვეტი ეკონომიკური ზრდის პერიოდმა, რომელიც მას მოჰყვა, ძალზე ბევრი აიძულა, რომ მსოფლიო წესრიგი გაეთანაბრებინა ამერიკული სქემებისა და იდეების მიღებასთან, ჩვენი შიდა უპირატესობების ჩათვლით.
ამის შედეგად წარმოიშვა ერთგვარი მოუშორებელი უნილატერალიზმი (რაზეც ევროპელი კრიტიკოსები გამუდმებითაც ჩივიან). ეს ერთგვარი დაჟინებული კონსილიუმია, რომელიც ქვეყნებისგან მოითხოვს დაამტკიცონ საკუთარი ვარგისიანობა საერთაშორისო სისტემაში შესასვლელად - სხვა სიტყვებით, შესაბამისობა ამერიკულ მითითებებთან.
50 წლის წინ პრეზიდენტ ჯონ კენედის (John F. Kennedy) ინაუგურაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკაში არ ყოფილა არც ერთი ახალი ადმინისტრაცია, რომელზეც ასეთ დიდ იმედებს ამყარებდნენ. უპრეცედენტო შემთხვევაა: მსოფლიო სცენის ყველა მთავარი არტისტი ღიად აცხადებს გარდაქმნებისკენ სწრაფვის შესახებ, რომელიც მათ თავს მოახვია გლობალურმა კრიზისმა, თანაც მათ სურთ, რომ ეს გარდაქმნები აშშ-თან ურთერთქმედებით განახორციელონ.
ახლად არჩეული პრეზიდენტის ექსტრაორდინარული ზემოქმედება კაცობრიობის წარმოდგენებზე - მნიშვნელოვანი ელემენტია ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში. მაგრამ იგი მხოლოდ შესაძლებლობაა და კურსს არ განსაზღვრავს.
საბოლოო ჯამში, მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს ქვეყნების უმრავლესობის, ასევე ყველა წამყვანი სახელმწიფოს საერთო შეშფოთება ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებაში და მასვე უნდა მიეკუთვნოს კოლექტიური შიში ტერორისტული ჯიჰადისადმი. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადაიქცეს მოქმედებათა ერთიან სტრატეგიად და გამყარდეს იმის შეგნებით, რომ ახალი საკითხების (მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ენერგეტიკა და კლიმატის შეცვლა) გადაწყვეტა შეუძლებელია ცალკეული ქვეყნის ან რეგიონის ფარგლებში.
ახალი ადმინისტრაცია ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებს იმ შემთხვევაში, თუ თავს ნებას მისცემს დატკბეს საკუთარი პოპულარობით, რომლითაც იგი ჯერჯერობით სარგებლობს. ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის სულისკვეთება, რომელიც ამ მომენტისთვის წარმოიშვა, საჭიროა მიმართულ იქნას უმაღლესი სტრატეგიის ისეთ კალაპოტში, რომელსაც უახლოესი წარსულის უთანხმოებებისა და დავების ჩარჩოების გადალახვის უნარი ექნება.
ბრალდებებს ამერიკული უნილატერალიზმის მისამართით მართლაც აქვს გარკვეული საფუძველი. ისინი ამართლებენ ასევე ძირითად უთანხმოებებს ევროპასა და ამერიკას შორის. მთავარი განსხვავება ისაა, რომ შეერთებული შტატები კვლავ იქცევა როგორც ეროვნული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარ ხალხს მომავლის სახელით მსხვერპლის გაღება მოსთხოვოს. ევროპისთვის კი, რომელიც ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობაშია ეროვნული სახელმწიფოების ფარგლებიდან ჯერ კიდევ არშექმნილ პოლიტიკურ მექანიზმზე გადასვლის გამო, ბევრად უფრო რთულია არსებულ უპირატესობებსა და სარგებელზე უარის თქმა.
ამიტომაა ”რბილი ძალის” მიმართ ასეთი ყურადღება. ტრანსატლანტიკურ უთანხმოებებს, ძირითადად, არსებითი საფუძველი აქვს და მხოლოდ ნაწილობრივ ეხება წესებსა და პროცედურებს. კონფლიქტი მაინც წარმოიქმნება - და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ინტენსიურად მიდის კონსულტაციები. ატლანტიკური პარტნიორობა უფრო მეტად ერთობლივ პოლიტიკურ კურსზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე შეთანხმებულ პროცედურებზე.
ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში ჩინეთიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მხარეებს შორის ურთიერთობა, რომელიც ძირითადად იწყებოდა როგორც საერთო მოწინააღმდეგის შეკავების სტრატეგიული სქემა, წლების განმავლობაში საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა.
ჩინეთმა ამერიკას მფლანგველური მოხმარებით ტრაბახის შესაძლებლობა მისცა, როცა ამერიკული ვალები შეისყიდა. ამერიკა კი ჩინურ ეკონომიკას მოდერნიზებასა და რეფორმირებაში დაეხმარა, როცა მისი საქონლისთვის თავისი ბაზრები გახსნა.
ასეთი სქემის სიმტკიცე ორივე მხარემ გადაჭარბებით შეაფასა. მაგრამ სანამ ეს სქემა მოქმედებდა, მსოფლიოში არნახული გლობალური განვითარების ეპოქა იყო. ასეთმა სქემამ გაფანტა ის შიში მსოფლიოში ჩინეთის ადგილსა და როლთან დაკავშირებით, რომელიც გაჩნდა მაშინ, როცა ამ ქვეყანამ საკუთარი თავი გამოავლინა, როგორც ზესახელმწიფოების კლუბის პასუხისმგებელმა წევრმა. გაჩნდა ერთიანი აზრი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სისტემის ამ ორ ბურჯს შორის მტრული დამოკიდებულება უკვე მიღწეულის დაშლას გამოიწვევს და არავის სარგებლობას არ მოუტანს. ასეთი რწმენა უნდა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს.
წყნარი ოკეანის მოპირდაპირე ნაპირებზე მდებარე ორივე ქვეყანამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების ლიკვიდაციისთვის ორმხრივად უნდა ითანამშრომლონ. დღეს, როცა გლობალურმა ფინანსურმა კრახმა ჩინეთის საექსპორტო ბაზრები გაანადგურა, ამ ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევა თავისი ინფრასტრუქტურისა და შიდა მოხმარების განვითარებისკენ მიმართა.
სიმძლავრეების აკრეფა ადვილი არ იქნება. ჩინური ეკონომიკის ზრდის ტემპები, შესაძლოა, დროებით 7,5 პროცენტის მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდეს. ჩინეთის საკითხების სპეციალისტები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს ის ზღვრული ხაზია, რომლის ქვემოთ პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხე ჩნდება. ამერიკა საჭიროებს ჩინეთთან თანამშრომლობას, რათა საკუთარი ბიუჯეტის დისბალანსის პრობლემები გადაწყვიტოს და თავიდან აიცილოს ისეთი სიტუაცია, როცა ფეთქებადსაშიში დეფიციტი გამანადგურებელი ინფლაციის ხანძარს გამოიწვევს.
როგორი გლობალური ეკონომიკური წესრიგი წარმოიქმნება მომავალში - ეს, დიდწილად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთობებს დაამყარებენ უახლოეს წლებში ჩინეთი და ამერიკა. თუ გაუცრუვდა იმედი აშშ-თან დაკავშირებით, პეკინმა, შესაძლოა, ინტერესი გამოიჩინოს მხოლოდ და მხოლოდ აზიური რეგიონული სტრუქტურის მიმართ, რომლისთვისაც ბაზა უკვე არსებობს ”ასეანი” პლუს „სამი“ (ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა - რუს. მთარგმნელის შენიშვნა) ფორმატის სახით.
ამასთან, თუ ამერიკაში გაძლიერდება პროტექციონიზმი, ან თუ იგი ჩინეთს მოეპყრობა როგორც ხანგრძლივ მოწინააღმდეგეს, ამ წინასწარმეტყველების ახდენამ შესაძლოა მსოფლიო წესრიგის შექმნის ყველა შანსი მოსპოს.
ასეთი შებრუნება მერკანტილიზმისკენ მისი სახელმწიფო ჩარევით სამეურნეო საქმიანობაში და მე-19 საუკუნის დიპლომატიისკენ, მსოფლიოს ერთმანეთთან მეტოქე რეგიონულ ბლოკებად გახლეჩს. ამას კი საშიში და ხანგრძლივი შედეგები ექნება.
ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები ახალ დონეზე უნდა ავიდეს. დღევანდელი კრიზისის გადალახვა მხოლოდ ერთიანი მიზნების გააზრებით არის შესაძლებელი. ისეთი საკითხები, როგორიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ენერგეტიკა და კლიმატის შეცვლა, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკური კავშირების განმტკიცებას მოითხოვს.
ლიდერთა ახლანდელ თაობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ წყნარი ოკეანის ორივე ნაპირზე მდებარე ქვეყნების ურთიერთობები ”საერთო ბედის პროექტად” გარდაქმნან, როგორც ეს მოხდა ომისშემდგომი პერიოდის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. განსხვავება ისაა, რომ დღეს არსებულ გამოწვევებს პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათი უფრო აქვთ, ვიდრე სამხედრო.
ამ პროექტმა უნდა მოიცვას იაპონია, კორეა, ინდოეთი, ინდონეზია, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ეს ქვეყნები მას შეიძლება მიუერთდნენ ისეთ საერთო წყნაროკეანური და რეგიონული სტრუქტურების ფარგლებში, რომლებიც დაკავებული არიან კონკრეტული საკითხებით, მაგალითად, ენერგეტიკით, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობით და გარემოს დაცვით.
ახალი მსოფლიო, რომელიც თავის მოხაზულობას ძნელად იძენს, ამერიკისგან მოითხოვს ისტორიულ მიდგომას პერსპექტივის ხედვით. მან უარი უნდა თქვას თავის დაჟინებულ მოთხოვნებზე იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი პრობლემა გარკვეული პროგრამის ფარგლებში იმ დროის კონკრეტულ ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს, რომელიც, ხშირად, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება ხოლმე.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ რეალურად მიღწევადის ფარგლებში მოქმედება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს თანდათანობით, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით მივაღწიოთ.
საერთაშორისო წესრიგი მუდმივი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მონაწილეები საკუთარ წვლილს შეიტანენ არა მარტო მის შექმნაში, არამედ მის შენარჩუნებაშიც. ამგვარად, ამერიკას და მის პოტენციურ პარტნიორებს ეძლევათ უნიკალურ შესაძლებლობა იმისა, რომ კრიზისის მომენტი მომავლის რწმენად აქციონ.
ჰენრი კისინჯერი პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონისა (Richard Nixon) და ჯერალდ ფორდის (Gerald Ford) ადმინისტრაციებში იყო სახელმწიფო მდივანი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. -0-
|
|||||||||