01:07
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

გამარჯობა, 2009 წელო! ("The Financial Times", დიდი ბრიტანეთი)

18:32 | 15/ 02/ 2009

თბილისი, 15 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”/. მაშ ასე, კვლავ თქვენთანაა მძლავრი ჯგუფი - კაბინეტის მეცნიერთა გუნდი Financial Time-იდან. როგორც ყოველთვის, ჩვენ საკუთარი პროფესიული რეპუტაციით ვრისკავთ, როცა ზოგიერთი ნაცნობი უცნობის შესახებ თამამ განცხადებებს ვაკეთებთ.

გასულ წელს რულა ხალაფმა (Roula Khalaf) განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ ბომბს ვერ მიიღებსო, და მართალი აღმოჩნდა. გიდეონ რახმანმა (Gideon Rachman) აღნიშნა, ფერვეზ მუშარაფს (Pervez Musharraf) ძალზე დიდი შანსი აქვს იმისა, რომ პაკისტანის პრეზიდენტის სავარძელში წლის ბოლომდე ვერ მიაღწიოსო - ასეც მოხდა. ხოლო ედ კრუკსმა (Ed Crooks) ერთი ბარელი შამპანური მოიგო, როცა სანაძლეო დადო იმაზე, რომ ერთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი 100-დოლარიან ბარიერს გადალახავდა, ხოლო წლის ბოლოს დაეცემოდა. პრემიას მიიღებს ჯილიან ტეტიც (Gillian Tett) ფინანსური კრიზისის გავრცელებისა და მისი კრიზისის მეორე სერიაში - საკრედიტოში გადაზრდის შესახებ სწორი წინასწარმეტყველებისათვის, თუმცა, რედაქცია, ალბათ, სამაგიეროს გადაუხდის ”გესლიანი ობლიგაციებით”: ამ სექტორში პრობლემების სიღრმე ისეთი აღმოჩნდა, რომ ბევრი სხვაც დაზარალდა. რაც შეეხება კრიშნა გუჰას (Krishna Guha) წინასწარმეტყველებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ თავს დააღწევს რეცესიას, თუ შოკურ რეცეპტებს არ გამოიყენებს, ესეც სავსებით შესაძლებელია გამართლებულიყო, თუმცა, ჯერ კაცმა არ იცის, რეცესია იქნება თუ არა.

სხვათა შორის, ჩვენ წარუმატებლობებიც გვქონდა. სამწუხაროდ, ამომრჩევლები ისეთი პროგნოზირებადი არ აღმოჩნდნენ, როგორც ეკონომიკა. კლაივ კრუკი (Clive Crook) თვლიდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა (Hillary Clinton), ხოლო ჯონ უილმანი (John Willman) ფიქრობდა, რომ კენ ლივინგსტონს (Ken Livingstone) მესამე ვადით აირჩევდნენ ლონდონის მერად. არ გამართლდა.

დასრულდება თუ არა ეკონომიკური ვარდნა 2009 წელს? პასუხობს კრის ჯაილსი (Chris Giles):

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და ირლანდიისთვის პასუხია - ”არა”. ევროპის სხვა ქვეყნებისთვის და იაპონიისთვის ”შესაძლოა კი”. ნებისმიერ შემთხვევაში, 2009 წელი არასასიამოვნო იქნება. წლის პირველ ნახევარში, საკრედიტო განაკვეთებისა და გადასახადების შემცირების მიუხედავად, მთავარ პრობლემად უმუშევრობის ზრდა დარჩება; მისი ნეგატიური ეფექტი გადაწონის რეალური შემოსავლების ზრდას ამ პოლიტიკისა და ნედლეულზე ფასების კლების ხარჯზე. წლის მთავარი სიტყვა გახდება სიტყვა ”გაურკვევლობა”, ნებისმიერი წინასწარმეტყველება ამ თემაზე ძალზე არამყარი იქნება. თუმცა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში კონტინენტურ ევროპასა და იაპონიაში კვლავ დაიწყება გადასახადების ზრდა. იმ ქვეყნებში, სადაც რეცესიასთან შესაგუებლად საჭირო იქნება საოჯახო მეურნეობათა დანაზოგების მოცულობათა ბევრად უფრო მეტი გაზრდა, აღდგენა შედარებით მეტ დროს დაიკავებს. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო  ”ვალი-დეფლაციის” ხაფანგში გაებას, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ეს არ მოხდეს. წლის ბოლოს ეკონომიკის აღდგენის რეალური მწვანე ყლორტები რომც დავინახოთ, ჩემი აზრით, 2009 წელი ვერანაირი სერიოზული წარმატებებით ვერ დაგვამახსოვრებს თავს.

მოახდენს ჩინეთი საკუთარი ვალუტის რევალვაციას? პასუხობს მარტინ ვულფი (Martin Wolf):

2005 წლის ივლისიდან 2008 წლის ზაფხულის ჩათვლით ჩინური იუანის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 21,5 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში რეალურმა გაცვლითმა კურსმა, რომელიც JPMorgan ბანკის მიერ სავაჭრო ბრუნვის მოცულობის საფუძველზე იქნა გამოთვლილი, მხოლოდ 13 პროცენტით მოიმატა.

მაგრამ 2008 წლის ივლისიდან რეალურმა დოლარმა გაძვირება დაიწყო, ამიტომ ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით ”იუანი-დოლარის” რეალური გაცვლითი კურსი 9 პროცენტით გაძვირდა ნომინალური კურსის უმნიშვნელო შეცვლისას. ასე რომ, შედეგი გამოვიდა რამდენადმე არა ისეთი, როგორის უზრუნველყოფასაც აპირებდა ჩინეთი.

მთავრობამ ახლა უნდა აირჩიოს, რომელი პრობლემა გადაწყვიტოს: შეინარჩუნოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობა თუ გარეგან ზეწოლით დათმოს და კურსი ასწიოს. მე მოველი, რომ ჩინეთი ცოტათი დათმობს და ”იუანი-დოლარის” კურსის მცირე მომატებას დაუშვებს. თუმცა, წესით, მომავალი 12 თვის განმავლობაში დოლარის რეალური ფასი უნდა დავარდეს და თუ იგი მართლაც  ქვემოთკენ წავა, მაშინ იუანის გაცვლითი კურსი, მთლიანობაში, იგივე დონეზე დარჩება. სავსებით შესაძლებელია, 2010 წელს ეს სავაჭრო ომით დასრულდეს.

რამდენად შორს წავლენ ცენტრალური ბანკები საკუთარ მოქმედებებში? პასუხობს კრიშნა გუჰა (Krishna Guha):

2009 წელს ცენტრალური ბანკები კრიზისთან ბრძოლაში არაფერზე არ დაიხევენ უკან. მრეწველობაგანვითარებულ ძირითად ქვეყნებში საკრედიტო განაკვეთები   ნულამდე ჩამოვა; ზოგიერთი ცენტრალური ბანკი - ინგლისის ბანკი და იაპონიის ბანკი (თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკი მათ, ალბათ, არ შეუერთდება) ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის კვალდაკვალ ღრმად შეიჭრებიან ”რეგულირების ახალი მეთოდების” ტერიტორიაზე. ძირითადად ეს იქნება ვალდებულებები საპროცენტო განაკვეთების ნულის ფარგლებში საკმაოდ დიდხანს დაჭერის შესახებ, ასევე ფულის დაბეჭდვა სესხებისა და აქტივების შესასყიდად (იაპონიის შემთხვევაში - უცხოური ვალუტის შესასყიდად).

ასეთმა რადიკალურმა ზომებმა მსხვილი ეკონომიკების უმეტესობისთვის, ამერიკულის ჩათვლით, უნდა უზრუნველყოს მყარი დეფლაციის თავიდან აცილება, თუმცა, მომავალ ერთ-ორ წელიწადში ინფლაცია მაინც შემცირდება საგანგაშოდ დაბალ დონემდე და გაიზრდება მხოლოდ მას მერე, როცა მსოფლიო ეკონომიკაში კვლავ დაგროვდება რეზერვების საკმარისი მოცულობა. მიუხედავად ამისა,  ცენტრალური ბანკების მხრიდან მხარდაჭერის ყველაზე გადამწყვეტი ზომები სწრაფ და გადამწყვეტ აღდგენას მაინც ვერ უზრუნველყოფს.

შეისყიდიან სახელმწიფოები ბანკებს? პასუხობს პიტერ ტალ ლარსენი (Peter Thal Larsen):

ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია ეკონომიკური ვარდნის სიღრმეზე. რეკაპიტალიზაციამ სახელმწიფო სახსრების გამოყენებით აშშ-სა და ევროპაში უკვე გამოიწვია ზოგიერთი ბანკის ფაქტიური ნაციონალიზაცია. მაგალითად, აშშ-ის ხაზინამ Citigroup-ის პრივილეგირებული აქციები შეიძინა 50 მილიარდ დოლარად (36 მილიარდ ევრო, 34 მილიარდი ფუნტი) - ეს მთელი ჯგუფის საბაზრო ღირებულებაზე მეტია. ამჟამად ბრიტანეთის მთავრობა შოტლანდიის სამეფო ბანკის 58%-ს ფლობს. ხოლო თუ ”ცუდი ვალები” იმაზე მეტი აღმოჩნდება, ვიდრე მოსალოდნელია, მაშინ კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ბანკებს დასჭირდებათ კაპიტალის მორიგი დოზა, მისი მიცემა კი მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. თვითონ ასეთი კაპიტალიზაცია არანაირად არ ასტიმულირებს კრედიტების გაცემას, თუ  მთავრობა იმავდროულად არ მიიღებს ზომებს უმსხვილესი საკრედიტო ბაზრების ასამოქმედებლად.

ჯერჯერობით ყველა მთავრობა ირწმუნება, რომ ნაციონალიზაცია დროებითი მოვლენაა და ბანკების მართვას განახორციელებს ”ფრთხილ რეჟიმში”, შემდეგ კი, როცა ისინი მზად იქნებიან, მათ კერძო სექტორს გადასცემენ. ასეც იქნება, თუ პოლიტიკოსები დაჟინებით არ მოსთხოვენ ბანკებს არასაიმედო მსესხებლებისათვის კრედიტების გაცემას. ასეა თუ ისე, კრიზისმა ნათლად აჩვენა, რომ ფინანსური სისტემის მდგომარეობის ნამდვილი გარანტები მაინც გადასახადების გადამხდელები არიან და მომავალში ისინი თავიანთი ბანკების მართვაში, ალბათ, უფრო დიდ როლს მოითხოვენ.

როგორ წავა აქციათა ემიტენტების საქმე? პასუხობს კრის ბრაუნ-ჰიუმსი (Chris Brown-Humes):

2009 წელს - არც თუ ისე კარგად. აქციების კურსის სწრაფი აღდგენა არ მოხდება მანამ, სანამ საკრედიტო ბაზარზე პირობების გაუმჯობესების რეალური ნიშნები შესამჩნევი არ გახდება და ინვესტორების მიერ აქციების იძულებითი გაყიდვები არ დასრულდება. ჩვენ გველის ღრმა ვარდნის, მოგებებისა და დივიდენდების შემცირების წელი. ახლანდელ პროგნოზებში ყველა სავარაუდო ნეგატიური მოვლენა, ალბათ, გათვალისწინებული არ არის.

რაღაც მომენტში აქციების კურსზე აისახება ეკონომიკის აღდგენისგან დადებითი ეფექტის მოლოდინი, რომელიც სტიმულს მისცემს მთავრობათა პოლიტიკას და ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების დაწევას. იმის გათვალისწინებით, რომ საფონდო ბირჟებისთვის 2008 წელი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ცუდი წელი აღმოჩნდა (უარესი, ვიდრე 1974, როცა ღრმა ვარდნის შემდეგ 1975 წელს აქციების ასეთივე გიჟური შესყიდვა მოხდა), კურსები და ინდექსები გაიზრდება. თუმცა, სტაბილურ მატებას მაინც არ უნდა ველოდოთ.

წლის ბოლოს ნავთობის ფასი ბარელზე 40 დოლარზე მეტი იქნება თუ ნაკლები? პასუხობს ედ კრუკსი (Ed Crooks):

ნავთობზე მოთხოვნილება იკლებს. როცა ერთი ბარელი ნავთობის ფასი 35 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, ზოგიერთმა კვლავ დაიწყო იმ ”ღორმუცელა” ჯიპებიდან მტვრის გადაწმენდა, რომლებიც გარაჟებში გადაინახეს მაშინ, როცა ნავთობი 147 დოლარი ღირდა, მაგრამ ღრმა გლობალური რეცესია მოთხოვნის შემცირებაა ყველანაირ ნავთობზე, პლასტმასის სახითაც და საავიაცო ნავთის სახითაც. ის, ვინც  ფასების ზრდაზე თამაშობდა, თავს იმშვიდებდა იმ აზრით, რომ ჩინეთი ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ მათი პოზიციები  2008 წლის მეორე ნახევარში შეირყა, როცა ნავთობის მოხმარების მოცულობა ჩინეთშიც მკვეთრად შემცირდა.

მეორე მხრივ, შემცირდება მიწოდებაც. ნავთობის კარტელმა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) უკვე გამოაცხადა მოპოვების მოცულობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შემცირების შესახებ. მთელ მსოფლიოში ერთი მეორის მიყოლებით ხდება ახალი საბადოების ათვისების ძვირადღირებული პროექტების გადადება ან გაყინვა.

ნავთობის ბაზრის ”ფსკერი” - ისეთი ფასია, რომლის დროსაც ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობების მოპოვება ეკონომიკურ აზრს კარგავს. დღეისათვის ეს ბარელზე დაახლოებით 30-40 დოლარია - დაახლოებით ასეთი ფასია საჭირო, რათა დაიფაროს ხარჯები კანადაში ნავთობიანი ქვიშების ათვისების ახლანდელ პროექტებზე ანდა გაგრძელდეს ინვესტიციები ჩრდილოეთის ზღვაში მოპოვების მოცულობათა შესანარჩუნებლად. ახლა ფასები მაკომპლექტებლებსა და სამუშაოზე, რომლებიც ამ ხარჯების მოცულობას განსაზღვრავენ, ნელ-ნელა ”ცივდება” და, შესაბამისად, ”ფსკერი” ქვემოთ დაეშვება, ანუ შესაძლოა, ნავთობის ფასები კიდევ შემცირდეს.

ნავთობის ბაზარი თავისი ბუნებით ძალზე ვოლატილურია და ბოლო 12 თვეში საკმაოდ ბევრი წინასწარმეტყველი გაბრიყვებული აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ამ წელს ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარზე ნაკლები უფრო იქნება, ვიდრე მეტი.

დარჩება ლონდონი მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრად? პასუხობს ჯონ უილმანი (John Willman):

სიტის რეპუტაცია ძალზე შეილახა ახლანდელი აურზაურით ფინანსურ ბაზრებზე - დაურეგულირებელი ბრიტანული სისტემის სუსტი ადგილები ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაჩინა Northern Rock ბანკის კლიენტების პანიკამ. ამ წლის ბიუჯეტში ჩადებულია არარეზიდენტების დაბეგვრის უფრო მაღალი განაკვეთები და კაპიტალიდან შემოსავლებზე გადასახადების ზრდა, რაც ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი ბიზნესისთვის ნაკლებად მიმზიდველი ქვეყანა გახდება. გარდა ამისა, Lehman Brothers-ის გაკოტრების პროცესში გაირკვა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ხარვეზები აქვს არაგადამხდელუნარიანი სუბიექტების ვალების დარეგულირების რეჟიმშიც.

თუმცა, არ დარჩა ისეთი ფინანსური ცენტრები, რომლებსაც საკრედიტო ბიზნესმა ზიანი არ მიაყენა. ლონდონის ისეთმა მეტოქეებმა, როგორებიც არიან დუბაი და მუმბაი, არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ პრობლემებს. ლონდონში შენარჩუნებულია მთელი რიგი ფინანსური ინსტიტუტები და საქმიანობის სახეობები, რაც მას ფინანსურ სამყაროში ლიდერობის შესაძლებლობას მისცემს კიდევ გარკვეული დროით, მათ შორის საიჯარო გადასახადის შემცირების ხარჯზე.

ჩატარდება თუ არა 2009 წელს დიდ ბრიტანეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები? პასუხობს ფილიპ სტივენსი (Philip Stephens):

არა. ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლამ ძალზე კარგი გავლენა იქონია გორდონ ბრაუნის ლამის შერყეულ რეიტინგზე. მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეეცადა პრემიერ-მინისტრის ჩამოგდებას, მაგრამ ახლა, მორიგი არჩევნების წინ, პარტიის ლიდერობის მთავარ კანდიდატურად სწორედ მას მიიჩნევენ და არ არის გამორიცხული, რომ მან ლეიბორისტებისათვის უპრეცედენტო გამარჯვებას - ზედიზედ მეოთხე ვადით არჩევას მიაღწიოს. სხვათა შორის, ეს არჩევნები რომ 2010 წლამდე ჩატარდება, მხოლოდ ყველაზე სასოწარკვეთილებს სჯერათ. ცდუნება იმისა, რომ არ დაელოდონ საჭირო ვადას და არჩევნები უკვე 2009 წელს დანიშნონ, ზოგადად, გასაგებია: ამომრჩევლებს სთხოვონ მორიგი მანდატი ძალაუფლებაზე მანამ, სანამ ისინი საკუთარ თავზე არ იგრძნობენ ეკონომიკური ვარდნის მთელ ძალას, რომელიც შეიძლება ნამდვილ დეფოლტად გადაიქცეს. მაგრამ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სანამ კონსერვატორები დევიდ კემერონის (David Cameron) ხელმძღვანელობით  ლეიბორისტებს უსწრებენ (ხოლო პრემიერ-მინისტრებს ძალზე არ უყვართ ხოლმე ძალაუფლების დაკარგვა), ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს: 2008 წლის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, პიტერ მანდელსონი (Peter Mandelson) ბრიუსელიდან დაბრუნდება და მთავარი consigliere გახდება ბრაუნთანო, სიცილს დავიწყებდი. პოლიტიკაში, ისევე როგორც ეკონომიკაში, ზოგჯერ ძალზე უცნაური რამეები ხდება ხოლმე.

ვისთვის აღმოჩნდება 2009 წელი ”რეპუტაციის შემქმნელ წლად”? პასუხობს ალან ბიტი (Alan Beattie):

ტიმ გაიტნერისათვის(Tim Geithner). ამჟამად გაიტნერს ნიუ-იორკში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის პოსტი  უკავია. მას პროფესიონალი პოლიტიკოსების წრეებში უფრო მეტად იცნობენ, ვიდრე ფართო საზოგადოებაში. ამიტომ ბევრი სპეციალისტი საკმაოდ გაკვირვებული დარჩა, როცა სწორედ იგი აღმოჩნდა აშშ-ის მომდევნო ფინანსთა მინისტრის პოსტზე წამოყენებული და არა უფრო ცნობილი პარი სამერსი (Larry Summers), ანუ საზოგადოება გაიტნერს ჯერ კიდევ გაიცნობს.

გაიტნერი  ობამას მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე საჯარო ”პირი” იქნება და თავიდან მას გაუჭირდება, - თუნდაც იმიტომ, რომ მან როგორღაც უნდა ახსნას, რატომ დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ბანკი Lehman Brothers დაეტოვებინათ დახმარების გარეშე, რის შედეგადაც იგი გაკოტრდა, მაგრამ გადაერჩინათ სადაზღვევო კომპანია AIG, რომელმაც უზარმაზარი ფედერალური სესხი მიიღო. სხვათა შორის, რთულ პირობებში იგი, პირიქით, ძალებს იკრებს და უკეთესად მუშაობს. გაიტნერი 47 წლისაა, და მას, ალბათ, მთელი კარიერის მანძილზე გაჰყვება ზედსართავი ”ბავშვური”. მასში საჯაროობა და უშუალობა შერწყმულია მჭერმეტყველებასთან, რომელიც ზოგჯერ მის გამოსვლას ერთგვარ ელიფსურობას სძენს. იმ რვა წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ხაზინას ღიად თუ არ ლანძღავდნენ, ამჯობინებდნენ, უბრალოდ, მისთვის ყურადღება არ მიექციათ, მას აქვს ყველა შანსი აღადგინოს ამ უწყების ავტორიტეტი.

მიაღწევს თუ არა წარმატებას ობამას ”ახალი კურსი“? პასუხობს კლაივ კრუკი  (Clive Crook):

კი, თუ ”წარმატების” ქვეშ  რეცესიის შეჩერებასა და ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას ვიგულისხმებთ. შესაბამისად, წარმატების მთავარი პირობა - მასშტაბია. ახალი მთავრობა ამზადებს სტიმულის მიმცემი ზომების პაკეტს, რომლის მოცულობა წარმოუდგენელი თანხა - 800 მლრდ დოლარია. თუ ამ პაკეტის დიდი ნაწილი წავა სწრაფი მატების მომცემ საერთო მოთხოვნილებათა პროგრამებზე (უმუშევართა დახმარება, საგადასახადო შეღავათები შტატების ბიუჯეტისათვის, ინფრასტრუქტურული პროექტები), მაშინ ასეთმა სტიმულმა არ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, თვითონ ტერმინი ”ახალი კურსი” ნიშნავს, რომ ამბიციებიც მეტი უნდა იყოს. ფულის მხრივ რუზველტისეული ”ახალი კურსი”  ნაკლებად აქტიური იყო და, თავისთავად, დიდი დეპრესიის დამთავრება არ გამოუწვევია, მაგრამ მან ქვეყანას მისცა ახალი ინსტიტუტები, სრულიად შეცვალა მოთხოვნები, რომელსაც მოქალაქეები საკუთარ სახელმწიფოს უყენებენ და ამერიკულ საზოგადოებაში დიდი გარდაქმნების მიზეზი გახდა.

გახდება თუ არა ბარაკ ობამას პოლიტიკა შემობრუნების წერტილი უფრო ფართო ასპექტში? სხვათა შორის, შანსი არის - თუ შეიქმნება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. თუ ეს არ მოხდება და, საერთოდ, არაფერი მოხდება ისეთი, რაც სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შექმნის ტოლფასი იქნება, ისტორიკოსები უბრალო ”მასტიმულირებელ პაკეტს”, ძალზე დიდსაც კი, ”ახალ კურსს” არასოდეს უწოდებენ.

წავა თუ არა მუგაბე 2009 წელს? პასუხობს უილიამ უოლისი (William Wallis):

”მე ჩამომაგდებს მხოლოდ ის, ვინც მომიყვანა - უფალი ღმერთი”. აი, რა განაცხადა რობერტ მუგაბემ წელს, როცა არჩევნებმა ის შედეგი აჩვენა, რომელიც მას არ აწყობდა. სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს მიზეზები იმისათვის, რათა ჩავთვალოთ, რომ იგი ტყუოდა.

როგორც არ უნდა იყოყოჩონ ლონდონმა და ვაშინგტონმა, ისინი რეჟიმის შეცვლას  ვერ შეძლებენ. გადამწყვეტ ზომებს არც სამხრეთ აფრიკის ქვეყნები მიიღებენ, თუმცა, პრეტორია, ალბათ, იძულებული გახდება გაამკაცროს რიტორიკა, რადგან ხედავს, მშიერი ზიმბაბველები როგორ ცდილობენ ნებისმიერი გზებით საზღვრის გადალახვას.

ჯერ ერთი, მშიერი ადამიანებისგან ცუდი რევოლუციონერები დგებიან. მეორეც, მუგაბე დღემდე მართლაც ჰიპნოზურ ზემოქმედებას ახდენს თავის მრევლზე (უფრო ზუსტად მის იმ წევრებზე, რომლებსაც ნორმალურად კვებავენ) და ის, პირიქით, სასახლის გადატრიალების წინააღმდეგ იბრძვის. როგორ მძიმე სიტუაციაშიც არ უნდა ჩავარდნილიყო ზიმბაბვე გასულ წელს, 2009 წელს მას კიდევ უფრო უარესი ელის და იმ ადამიანის მოცილება, რომელიც თვითონვე ასე შემოქმედებითად სპობს ქვეყანას, მხოლოდ ბუნებრივ მიზეზებს, ანდა მართლაც რომ ღმერთს შეუძლია.

რამდენი ამერიკული ავტომწარმოებელი გადაიტანს კრიზისს? პასუხობს ჯონ გეპერი (John Gapper):

ორი. დეტროიტიდან ”დიდი სამეულის” გადასარჩენად პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბოლო წინასაშობაო დღეებში მიიღო გადაწყვეტილება 17,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა პრობლემა არა მისი, არამედ მისი მემკვიდრის - ბარაკ ობამას გადასაჭრელია, დარგის ფუნდამენტურ პრობლემებს ვერანაირად ვერ გადაჭრის. დეტრიოტის ინფრასტრუქტურა - მუშებიც, ქარხნებიც და დილერთა ქსელიც - ძალზე დიდია.

ბოლო წლებში დეტროიტი არა მარტო ხელოვნურად ბერავდა გაყიდვების მოცულობას იაფი ავტოკრედიტების ხარჯზე, არაფერი ჩაუდია იმ ეკონომიური ავტომობილების წარმოებაშიც, რომლებიც თანაბარ კონკურენციას გაუწევდნენ  იაპონურ და კორეულ მანქანებს. ტექნოლოგიური დონით Honda-მ და Toyota-მ General Motors-ს, Ford-ს და Chrysler-ს საკმაოდ გაუსწრეს და იმისათვის, რომ კიდევ უფრო არ ჩამორჩნენ, დეტროიტს უზარმაზარი შრომა მოუწევს.

ეს ნიშნავს, რომ მოუწევს ჭარბი სიმძლავრეების შემცირება. პირველი კანდიდატი მსხვერპლის როლზე Chrysler-ია. კომპანიის მფლობელებმა Cerberus Capital Management-ის ფონდიდან უკვე განაცხადეს, რომ მათ აწყობთ Chrysler-ის საავტომობილო აქტივების დაბანდება General Motors-ის ბიზნესში; ამით ფონდს სურს დაიცვას მისი კუთვნილი ფინანსური ქვეგანყოფილებების - CMAS და Chrysler Financial-ის აქციების საკონტროლო პაკეტები.

გააუქმებს თუ არა აშშ კუბისთვის დაწესებულ ემბარგოს? პასუხობს სტივენ ფიდლერი (Stephen Fidler):

არა, ყოველ შემთხვევაში, 2009 წელს არა. ახალ პრეზიდენტს პრეზიდენტობის პირველი ვადის პირველ წელს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ექნება. თუ ემბარგოს გააუქმებს, რომელსაც უკვე 47 წელი უსრულდება, ამან იგი, შესაძლოა,   უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოსწყვიტოს.

მიუხედავად ამისა, ახალ მთავრობას, ალბათ, ექნება გარკვეული პოლიტიკური  კაპიტალი კუბასთან ურთიერთობების შემარბილებელი მოქმედებებისთვის, რომლებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმბოლური ეფექტი ექნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გარკვეული შეზღუდვების მოხსნა კუბასა და ამერიკას შორის გადაადგილებასა და კუბური წარმოშობის ამერიკელების მიერ სამშობლოში ფულის გადარიცხვებზე.

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა კუბელები ემბარგოს უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს, ვიდრე კუბიდან ლტოლვილების პირველი თაობა, რომელიც თანდათან მცირდება. ამ ფაქტმა ბარაკ ობამას მთავრობას გარკვეული პოლიტიკური სივრცე უნდა გაუხსნას ამერიკის მოქმედების დაგეგმვისას იმ მომენტისათვის, როცა ავადმყოფი ფიდელ კასტრო პოლიტიკური სცენიდან სამუდამოდ წავა.

შერიგდებიან თუ არა პალესტინა და ისრაელი? პასუხობს რულა ხალაფი (Roula Khalaf):

სამწუხაროდ, არა. მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში უკვე მერამდენედ გადაიდო. რაც მართალია, მართალია: როგორც ჩანს, პირველ დღეებში აშშ-ის ახალი მთავრობა ამ კონფლიქტის მოგვარებაში დიდი დაინტერესების დემონსტრირებას მოახდენს. ეს ისრაელის წარმომადგენლებსა და პალესტინელებს იმპულსს მისცემს მოლაპარაკებათა გასაგრძელებლად, მაგრამ, საეჭვოა, ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს, რაც საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად საკმარისი იქნებოდა.

ისრაელში წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამის გამო პალესტინელების მინიმალურ მოთხოვნებზე - საზღვრების დემარკაციისა და აღმოსავლეთ იერუსალიმისთვის არაბული ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ - თვით ყველაზე მშვიდობისმოყვარე პოლიტიკოსებსაც კი არ სურთ დათანხმება. თვითონ პალესტინელებში კი საერთოდ გაურკვეველია, რა ხდება: ”ფათჰი”, რომლის წარმომადგენლებიც ისრაელთან მოსალაპარაკებლად მზად არიან, იორდანის მხოლოდ დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს, ღაზას სექტორში კი ”ჰამასი” ბატონობს. ამიტომ ავტონომიის თავმჯდომარე მაჰმუდ აბასი (მას არჩევნები მომავალ წელს აქვს), უბრალოდ, არასაკმარისად ლეგიტიმურია, რათა პალესტინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით ნამდვილად აუცილებელი დათმობების პირობა დადოს. სხვათა შორის, ყველა მხარე მეტ-ნაკლებად დაინტერესებულია იმაში, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რაღაც ფორმით გაგრძელდეს. საერთოდ, სამშვიდობო პროცესი 2009 წელსაც გაგრძელდება, თუმცა, მშვიდობა ვერ დამყარდება.

შეინარჩუნებს თუ არა კიმ ირ ჩენი ძალაუფლებას? პასუხობს დევიდ პილინგი ((David Pilling):

კითხვაში რატომღაც ჩადებულია მტკიცება იმისა, რომ დღეს ძალაუფლება სწორედ მის, ჩრდილოეთ კორეის ”საყვარელი ხელმძღვანელის” ხელშია. ინსულტის შემდეგ, რომელიც  კიმს, როგორც ჩანს, აგვისტოში დაემართა, ყველაფერი, რაც ვიცით, ზოგიერთი წყაროს დაუდასტურებელი ცნობებია იმის შესახებ, რომ დღეს რეალური ძალაუფლება მისი ერთ-ერთი ნათესავის ხელშია. ერთი ექსპერტი იმასაც კი ამბობს, რომ კიმ ირ ჩენი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხალხის წინაშე კი მისი ორეულები ჩნდებიან. ცოტა ხნის წინ გავრცლებულ ფოტოსურათებზე, სადაც კიმი გამოსახულია ტრიბუნაზე საფეხბურთო მატჩის დროს, ცხადად ჩანს, რომ იგი მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებს.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ იგი იმდენად ჯანმრთელი არ არის, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს, კორელირებს ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებათა ტონალობის შეცვლასთან, მაგრამ ფხენიანის დიპლომატია, ჩვეულებრივ,  არაპროგნოზირებადი რჩება. რაიმე რეალური პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ 2009 წელი კიმ ირ ჩენისთვის უკანასკნელი გახდება, მხოლოდ მისმა ექიმებმა შეიძლება გააკეთონ. თვითონ ინსულტი ჯერ კიდევ არ არის საბაბი იმისათვის, რომ გამზადებულ ნეკროლოგებს მტვერი გადაწმინდონ. ასე რომ, თუ საჭიროა არჩევანი ”კი” და ”არას” შორის, მე ვიტყოდი, რომ კიმი, ალბათ, ამ წელსაც გაატანს. ხოლო თუ იგი ლოგინად ჩავარდება ან მოკვდება, საკითხავი ის არის, მაშინვე გაიგებს თუ არა ამას დანარჩენი მსოფლიო.

დაარტყამენ ისრაელი ან აშშ ირანს? პასუხობს გიდეონ რახმანი (Gideon Rachman):

ამას თითქმის ყოველ წელს გვეკითხებიან. ყოველ წელს ჩვენ ვპასუხობთ ”არა” - და არც 2009 წელი იქნება გამონაკლისი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ 2009 წელს სიტუაცია უფრო მიუახლოვდეს კრიტიკულ ზღვარს, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. ირანის ბირთვული პროგრამა, როგორც ჩანს, სწრაფად მიიწევს წინ, რაც ისრაელის შეშფოთებას იწვევს. თებერვალში ისრაელის არჩევნებში სავსებით მოსალოდნელია მემარჯვენე კოალიციის გამარჯვება პარტია ”ლიკუდის” მეთაურობით, რომლის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ (Benjamin Netanyahu) თეირანის ბირთვულ პროგრამას ისრაელის არსებობისთვის საფრთხე არაერთხელ უწოდა.

საერთოდ, ისრაელის ახალი მთავრობა პრაქტიკულად მომხრე იქნება იმისა, რომ  განახორციელოს პრევენციული დარტყმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე. თუმცა, მათ ამისათვის ობამას მთავრობის წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდებათ. აშშ უკვე მყარად არის ჩაბმული ორ ომში - ერაყსა და ავღანეთში - და ირანში მესამე ფრონტის გახსნა ამერიკის მთავრობას სრულებით არ აწყობს. გარდა ამისა, აშშ-ს არ სურს რაიმე იღონოს, სულ მცირე, ივნისამდე მაინც, როცა ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. და, საერთოდ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამა აცხადებდა, რომ იგი ირანთან მოლაპარაკებების მომხრეა. ისრაელმა კი მარტო, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, საეჭვოა, რომ იმოქმედოს.

შექმნიან თუ არა მეცნიერები ხელოვნურ სიცოცხლეს? პასუხობს კლაივ კუკსონი (Clive Cookson):

თუ დიდი შოუმენი მოლეკულური ბიოლოგიიდან კრეიგ ვენტერი (Craig Venter) თავის ყველა დაპირებას შეასრულებს, მაშინ ჩვენ 2009 წელს მომსწრენი გავხდებით საბაზო ქიმიური შენაერთებიდან ახალი უჯრედის შექმნისა ლაბორატორიულ პირობებში. წლის დასაწყისში საპროექტო ჯგუფმა, რომელიც აშშ-ში მუშაობს, ლაბორატორიულ პირობებში  შეძლო მიკრობის გენომის - მთელი დნმ-ის სრული სინთეზირება, რომელიც მიკრობს სიცოცხლისა და გამრავლებისათვის ესაჭიროება. შემდეგ ეტაპზე საჭიროა ამ ხელოვნური გენომის შეერთება ცარიელ უჯრედთან და ”პროგრამის ჩატვირთვა”. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნება მსოფლოში პირველი მთლიანად სინთეზური ორგანიზმი.

თუ ვენტერი თავისას მიაღწევს (რაც სავსებით სავარაუდოა, მეცნიერებაში მის  გამაოგნებელ წარმატებებს თუ გავითვალისწინებთ), მაშინ ყურების დაცობა მოგვიწევს. ერთნი დაიწყებენ ყვირილს იმის შესახებ, რომ დაუშვებელია მეცნიერებმა ღმერთად წარმოიდგინონ თავი. სხვები დაიწყებენ წინასწარმეტყველებას პლანეტაზე სიცოცხლის ახალი საშიში ფორმების გაჩენის შესახებ. სინამდვილეში კი დაგეგმილია მხოლოდ და მხოლოდ უკვე არსებული მიკრობის ”აწყობა” მისი შემადგენელი ქიმიური ინგრედიენტებიდან. ნებისმიერ მართლაც ახალი ორგანიზმის ხელოვნურად შექმნას კიდევ ბევრი დრო დაჭირდება - ბუნებრივი პროცესები უფრო მალე ხდება. ვენტერის კვლევის მთავარი მიზანი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაა - მაგალითად, წყალბადის გენერაცია ან ნახშირორჟანგის ნავთობქიმიის პროდუქტებად გადაქცევა. -0-


რუბრიკის ყველა მასალა 


Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება